„გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენს იმავე აგენტურულ ძალას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ - ლევან მაჭავარიანი
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში უნდა იყოს მოხსენიებული.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტია „დესტრუქციულ საქმიანობას“ აგრძელებს, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და „აგენტურულ ძალას“ წარმოადგენს.
„ეს არის ის ძალა, რომელმაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ კოალიცია, პირდაპირი პარტნიორობა ჩამოაყალიბა უშუალოდ „დედა ნაციონალურ მოძრაობასთან“ ოთხ მუნიციპალიტეტში. ეს არის ის ძალა, რომელიც იბრძვის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ და ჩართულია რევოლუციურ პროცესებში. 2024 წლის არჩევნებზე ხელი მოაწერა ე.წ. „ქარტიას“ და „ქართულ ოცნებას“ დანარჩენ რადიკალებთან ერთად უპირისპირდებოდა.
გახარიას პარტია აგრძელებს მავნებლობებს. ისინი არ ცნობენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და დღემდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.
ეს პარტიაც წარმოადგენს ზუსტად იმ აგენტურულ ძალას, რასაც წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, სარჩელში, რა თქმა უნდა, ეს ძალაც მოხსენიებული უნდა იყოს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაც დაემატება.