პოლიტიკა
    2026-09-15 | 14:03

    გახარიას გუნდს ჰქონდა შანსი, შეეცვალა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენა - ნინო წილოსანი

    გახარიას გუნდს ჰქონდა შანსი, შეეცვალა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენა - ნინო წილოსანი

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში უნდა დაემატოს, რადგან მისი შეფასებით, პარტიის პოლიტიკაში არსებითად არაფერი შეცვლილა.

    როგორც წილოსანმა აღნიშნა, თავდაპირველად საკონსტიტუციო სარჩელი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მომზადდა, თუმცა მოგვიანებით სხვა პარტიებიც დაემატა.

    „გახარიას გუნდს ეძლეოდა შანსი, შეეცვალა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ჩამჯდარიყო კონსტიტუციურ წყობაში. ამ შანსის გამოუყენებლობა და ის მოქმედებები, რომელთაც ისინი წარსულში თუ ახლა ემსახურებიან, გახდება ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის საფუძველი“, - განაცხადა წილოსანმა.

    მისივე თქმით, ინიციატივა პარტიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტსა და საკრებულოებში მანდატების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.

    „ეს ინიციატივა არ გულისხმობს განსხვავებულ აზრთან ბრძოლას ან ოპოზიციის არსებობის წინააღმდეგობას. ნებისმიერი ოპონენტი, რომელიც მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და წარმოადგენს კონსტრუქციულ, რეალურ ოპოზიციურ ფლანგს, ჩვენთვის მისასალმებელია“, - აღნიშნა მან.

    წილოსანის განცხადებით, პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას იზიარებს, რევოლუციურ სცენარებსა და საქართველოს საერთაშორისო დისკრედიტაციას ემსახურება და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს უპირისპირდება, საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველს ქმნის.

    ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართავს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელი მიმდინარე კვირაში სასამართლოს წარედგინება.