ჩორჩანას თემა „გახარია საქართველოსთვის“ მომგებიანი თემა არ არის - თენგიზ შარმანაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს ჩორჩანას საკითხზე მიმართა.
მისი თქმით, ჩორჩანასთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები წარმოდგენილია და პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია, პასუხისგებაშია მიცემული.
„ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი თემა და მომგებიანი თემა, კიდევ რამდენჯერ უნდა გითხრან, რომ ეს დაიჯეროთ? გეუბნებით და კომისიამაც გითხრათ, მასალები წარმოდგენილია. პასუხისგებაში არის თქვენი თავმჯდომარე მიცემული და მას აქვს საშუალება სასამართლოს წინაშე იმართლოს თავი და დაასაბუთოს, რომ ეს დანაშაული არ არის საერთოდ, ან არ ჩაუდენია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას დღეს აღარ აქვს ის შესაძლებლობები, რომლებიც, მისი შეფასებით, წარსულში ჰქონდა.
„ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჩავიდეს და ჰკითხოს იქაურ მოსახლეობას: შედიოდნენ თუ არა იმ მილიონ კვადრატულ მეტრ ტყეში და გამოჰქონდათ თუ არა იქიდან ზამთრისთვის მასალები, შეშა; ჩადიოდნენ თუ არა მდინარის ნაპირას, იქით მხარეს და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ახლა აქვთ თუ არა ამის საშუალება? და ყველა ნათლად დაინახავს, რომ ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით ფაქტების მიუხედავად, საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
„ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ.ეს ხომ ფაქტია? -არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. ნუ, კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.