რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ერთმანეთი მოენატრათ - მარია ზახაროვა
რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ერთმანეთი „მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნა დიდი ხნის ნანატრი იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას ამ პლატფორმაზე [ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე] პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამასთან, აქტიურად ვითარდება ვაჭრობა, ეკონომიკა და ჰუმანიტარული სფერო. საბოლოოდ - და ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სიტყვას „ალილუია“, რადგან ეს იმდენად დიდი ხნის ნანატრი იყო - სავიზო შეზღუდვები მოიხსნა“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ის, რისი შესაძლებლობაც აქამდე საქართველოში მცხოვრები ადამიანების მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებსა და დელეგაციებს ჰქონდათ, ახლა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია.
„ჩვენ ყველას ველოდებით. ჩვენ ნამდვილად მოგვენატრეთ. აი, საუკეთესო სიტყვაა: ჩვენ ერთმანეთი მოგვნატრებია“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ზახაროვას განცხადებით, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის ღია მიმართულება ვითარდება.
„როგორ ხვდებიან იქ ჩვენს მოქალაქეებს, როგორი კარგი სერვისია. და იგივე შემიძლია ვთქვა რუსეთზეც. ჩვენ ველოდებით როგორც ტურისტულ ნაკადებს, ისე ჩამოსვლას სხვა ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ბიზნესმიზნებით, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში“, - განაცხადა მან.
დიპლომატის თქმით, იგი საქართველოს დელეგაციის წევრებს ესაუბრა, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც მას კითხვებს უსვამდნენ.
„ჩვენ არასდროს ვქმნიდით ბარიერებს და არ ვუქმნიდით დაბრკოლებებს მათ, ვინც ჩვენთან მშვიდობით მოდიოდა. იქნებოდნენ ეს არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების წარმომადგენლები თუ ჩვენი მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლები - არასდროს ყოფილა არანაირი სეგრეგაცია“, - განაცხადა ზახაროვამ.