სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა კვირას თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რათა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მმართველი, მემარჯვენე „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS) ჩაიბაროს.
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება. ვუჩიჩის პრეზიდენტობის მეორე ვადა მომავალ წელს, მაისში იწურებოდა, თუმცა სერბეთის კონსტიტუცია მას მესამე ვადით არჩევის უფლებას არ აძლევს.
ვუჩიჩის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მისი მიზანი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაა.
მმართველი ძალა არჩევნებზე სერიოზული გამოწვევის წინაშე იქნება სტუდენტების მიერ მხარდაჭერილი მოძრაობის მხრიდან, რომელმაც ქვეყანაში თითქმის ორი წლის წინ დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ჩაუყარა საფუძველი.
პროტესტები 2024 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტუდენტები ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას, ანგარიშვალდებულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოითხოვდნენ.
სტუდენტური მოძრაობა ამჟამად ხელისუფლების შეცვლისკენ არის მიმართული. „სერბეთის პროგრესული პარტია“ ქვეყანაში დაახლოებით 14 წელია ხელისუფლებაშია, ხოლო თავად ვუჩიჩი ბოლო 12 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
„მე ვტოვებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას“, - განაცხადა ვუჩიჩმა გადადგომის შესახებ ტექსტის წაკითხვისას.