მსოფლიო
    2026-09-28 | 14:38

    ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკების შეთავაზებას განიხილავს, მათ შორის არ არის საქართველო

    ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკების შეთავაზებას განიხილავს, მათ შორის არ არის საქართველო

    ევროკავშირი მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით, კონკრეტული „საგზაო რუკების“ შემუშავებას განიხილავს.

    როგორც „პოლიტიკოს“ ევროკომისიაში მომუშავე ორმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, გეგმები ითვალისწინებს ამ ქვეყნებისთვის გაწევრიანების პროცესში მკაფიო ეტაპებისა და სავარაუდო ვადების განსაზღვრას. მათი თქმით, თუ ქვეყნები აუცილებელ რეფორმებს განახორციელებენ, მათთვის გაწევრიანების პროცესის გაგრძელების უფრო მკაფიო გარანტიები შეიქმნება.

    ევროკომისიის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, საგზაო რუკები განსაზღვრავს, კონკრეტულად რა რეფორმებია თითოეული კანდიდატი ქვეყნისთვის აუცილებელი, ასევე დაადგენს სავარაუდო ვადებს მოლაპარაკებების ცალკეული „კლასტერების“ დასრულებისთვის.

    ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სექტემბრის დასაწყისში, „კავშირის მდგომარეობის“ შესახებ გამოსვლისას, განაცხადა, რომ ევროკავშირი მიზნობრივ მხარდაჭერას გაუწევს იმ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებმაც გაწევრიანების პროცესში ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს.

    ამ ეტაპზე მსგავსი საგზაო რუკები არ არის გათვალისწინებული კოსოვოსთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის. მათ შორის არ იქნება საქართველო, თურქეთი და სერბეთიც, რომელთა გაწევრიანების პროცესში პროგრესი შეჩერებულია დემოკრატიული მმართველობისა და მართლმსაჯულების სფეროში უკუსვლის შესახებ ევროკავშირის შეშფოთების ფონზე.

    ევროკომისიის წარმომადგენელმა გამოცემასთან დაადასტურა, რომ ახალი საგზაო რუკები „გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულებისკენ მიმავალ გზას“ განსაზღვრავს და ყველაზე წინ წასული კანდიდატებისთვის რეფორმების პრიორიტეტებს, ვადებსა და შესასრულებელ ვალდებულებებს დაადგენს.

    ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ გაფართოება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების, ჩინეთის პოლიტიკისა და აშშ-სთან ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის ფონზე.

    ამასთან, ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის ე.წ. წინაგაწევრიანების პოლიტიკის გადახედვასაც გეგმავს. ინიციატივა ითვალისწინებს კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის ეკონომიკურ და ერთობლივ პროექტებში, რათა რეფორმების განხორციელების პარალელურად მათ ევროკავშირის ბაზარსა და სხვადასხვა პროგრამებზე უფრო ფართო წვდომა ჰქონდეთ.

    ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, გაწევრიანების პროცესი კვლავ მკაცრ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პირობებს დაეყრდნობა, თუმცა ამ პერიოდში კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებისთვის არსებული შესაძლებლობები სრულად უნდა გამოიყენონ.

    ევროკავშირის ლიდერები გაფართოებისა და შიდა რეფორმების საკითხებს ბრიუსელში 15 ოქტომბერს დაგეგმილ ორდღიან სამიტზე განიხილავენ.

    ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი იმედოვნებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებები „გაფართოების შემოდგომას“ შექმნის.

    ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიმდინარე კვირაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა და მონტენეგროს, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ლიდერებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში იგი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთს არ ეწვევა.