კომენტარი
    2026-09-28 | 14:58

    მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის პრემიერი სასურველი თანამოსაუბრეა - გია ვოლსკი

    მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის პრემიერი სასურველი თანამოსაუბრეა - გია ვოლსკი

    პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში მაღალი რანგის პირებს შორის მოკლე საუბარიც კი მნიშვნელოვანია.

    „ასეთ წარმომადგენლობით, საერთაშორისო ფორუმზე შეხვედრა, თუნდაც გადალაპარაკება, თუნდაც მოკლე დროით აზრთა გაცვლა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. დელეგაციები და დელეგაციის ხელმძღვანელები ერთმანეთს არ ხვდებიან იმ შემთხვევაში, თუკი მათ შორის დაპირისპირება თვალსაჩინოა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

    მისივე თქმით, კობახიძისა და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის შეხვედრები არაერთხელ შედგა და მსგავსი კომუნიკაცია საერთაშორისო ფორუმებზე ჩვეულებრივი მოვლენაა.

    „არავითარი მიზეზი ან საფუძველი, რომ რაიმე მოიგონოს ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია. იგი სასურველი თანამოსაუბრეა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ ფორუმში მონაწილეობენ“, - აღნიშნა მან.

    ვოლსკის განცხადებით, მოკლე საუბრის დროს საკითხები შესაძლოა სიღრმისეულად არ განიხილებოდეს, თუმცა მსგავსი კომუნიკაცია გარკვეულ ატმოსფეროს ქმნის.

    „ეს ატმოსფერო კი პოზიტიურია. ნებისმიერი პოზიტიური ატმოსფერო ქმნის ისტერიკის წინაპირობას ჩვენი ოპონენტების რიგებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის ფარგლებში მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ხანმოკლე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა.

    მისივე თქმით, საუბრისას მან ხაზი გაუსვა საქართველოს სურვილს, აღდგეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.

    „ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ორივე შეხვედრა დადებითი განწყობით წარიმართა.

    მსგავსი სტატიები