უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან გამოიყვანა - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მიერ განხორციელებული შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოყვანილი.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ განაცხადა, შესაბამისი შეფასება გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვისა და ანალიტიკური სამსახურების მიერ განხორციელდა.
„დაზვერვამ, გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკოსებმა შეაფასეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული ბოლო შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების შედეგები. მოწინააღმდეგის სიმძლავრეების ნახევარზე მეტი მწყობრიდან არის გამოყვანილი. ეს არის კარგად გააზრებული, გეგმაზომიერი და სისტემური მოქმედებების შედეგი, რომლებიც მიმართულია რუსეთის სამხედრო მანქანის დასუსტებისა და მისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის განადგურებისკენ“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დარტყმები განხორციელდა მოსკოვის, იაროსლავლის, კინეფის, უსტ-ლუგის, პერმის, ილსკის, სარატოვისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ასევე სხვა ობიექტებზე.
„დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51% მნიშვნელოვანი დარტყმაა მტრის ეკონომიკისთვის, აგრესიის გაგრძელებისა და საკუთარი სამხედრო დაჯგუფებების მომარაგების შესაძლებლობისთვის. ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები ომს რუსეთის ტერიტორიაზე აგრძელებს“, - განაცხადა ხმარამ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი შორ მანძილზე მოქმედი დამრტყმელი დრონების განვითარებაა, რომლებიც რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეების დაზიანების შესაძლებლობას იძლევა.
„წელს წარმოება და შესყიდვები სამჯერ გავზარდეთ. ეს ზღვარი არ არის. მომავალშიც გავზრდით deep strike-ის პოტენციალს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.