მსოფლიო
    2026-10-06 | 12:27

    ტრამპმა დიზელის ფასის შემცირების მიზნით განკარგულება გამოსცა

    ტრამპმა დიზელის ფასის შემცირების მიზნით განკარგულება გამოსცა

    აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში დიზელის ფასის შემცირებას ისახავს მიზნად.

    განკარგულება დროებით დაუშვებს ე.წ. წითელი, შეღებილი დიზელის გზებზე გამოყენებას და მასზე ფედერალური აქციზის გადასახადის გადახდის გადავადებას წლის ბოლომდე.

    წითელი დიზელი ჩვეულებრივი დიზელის იდენტური საწვავია, თუმცა ის აქციზისგან გათავისუფლებულია და ძირითადად სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკისთვის გამოიყენება.

    თეთრი სახლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სატვირთო გადამზიდავებისა და ფერმერებისთვის ხარჯების შემცირებას და, შედეგად, საქონლისა და სურსათის ფასებზე ზეწოლის შემცირებას.

    AAA-ის მონაცემებით, აშშ-ში დიზელის ფასი 22 სექტემბერს რეკორდულ ნიშნულამდე — 6.53 დოლარამდე გაიზარდა გალონზე, ორშაბათს კი საშუალო ფასი 6.32 დოლარი იყო.

    ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკავშირდება საწვავის ბაზარზე შექმნილ დეფიციტს, რაც, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანებასა და ჩინეთიდან საწვავის ექსპორტის შეზღუდვას უკავშირდება.