არქივი
სამართალი
სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ დანიშნა - კოტე იოსელიანი
სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ დანიშნა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კოტე იოსელიანმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების საქმეს განიხილავდნენ.
იოსელიანის თქმით, აბსურდია ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლო პროცესის იმ მოტივით გადადება, თითქოს მათ ვერ შეძლეს რამდენიმესაათიანი საპროტესტო აქციის მასალის გაშიფვრა და გაანალიზება.
"პოლიციამ ერთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლო ორსაათიანი ვიდეო მასალის გაშიფვრა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოში, სადაც დადასტურდებოდა, რომ თითქოს ჩვენ პოლიციელებს არ ვემორჩილებით. სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და დაეთანხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას პროცესის გადადების შესახებ. ჩვენ გადადებაზე თანახმა ვიყავით, თუმცა გვსურდა არჩევნებამდე ჩატარებულიყო სასამართლო, რადგან ბრალდებულთა შორის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან", - განაცხადა კოტე იოსელიანმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 27 ოქტომბერს, 10:00 საათისთვის გადაიდო.
ნინო ექვთიმიშვილი