მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი -გურამ მაჭარაშვილი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა პატრიარქის არჩევნების შესახებ განაცხადა:
“მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის. ეს გამოჩნდა 17-21 მარტს. მე მგონი, მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი. თუ ჩვენ, თუ კი არა, ვაღიარებთ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული პიროვნება, ყველა თვალსაზრისით და მას 2017 წლიდან ჰქონდა თავისი პოზიცია, თავის ანდერძთან დაკავშირებით, მოსაყდრესთან დაკავშირებით, ეს წლები მას ეს პოზიცია არ შეუცვლია, გამომდინარე აქედან, საბოლოო ჯამში, საერთო კრების და სინოდის გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, პატრიარქის არჩევა, თუმცა, ამ შემთხვევაში…კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამაზე არაფერი გვითქვამს, მაგრამ რადგან თქვით, რომ ერთი-ორი მეუფე გამოვიდა და თქვა, კონკრეტული ფაქტებიც უნდა გვითხრან, ვინ ჩაერია და იყო თუ არა საერთოდ ჩარევის მცდელობა“, – ამბობს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, 19 აპრილს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა პატრიარქის არჩევნებში ჩარევისგან ყველას თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
"მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ!" | ნათქვამია გიორგი ჯამდელიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეუფე იაკობმა კი თქვა:
"ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ! მაგის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება... ილუზიები ყველამ დაივიწყოს. "