Society
    2026-04-21 | 07:54

    დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე

    დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს.

     "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს 1-დან 3 წლამდე. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება გამოგონებული.

    მოთხოვნილია ერთ-ერთი სახეობა მედიკამენტისა, რომელზეც შარშან ამ დროს რომ წარმართულიყო მსჯელობა და სახელმწიფოს ეყიდა ერთი პაციენტისთვის 3 მილიონ 200 ათასი დოლარის ღირებულების ეს მედიკამენტი, დაახლოებით 2 თვის შემდეგ ევროპის წამლის მარეგულირებელი [EMA] იტყოდა მტკიცე უარს ამ მედიკამენტისთვის ავტორიზაციის მინიჭებას.

    EMA თავის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში ამბობს: "12 თვის შემდგომ, პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით. იმავე მედიკამენტებთან დაკავშირებით, დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები, ამის გამო ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ [FDA] რომელსაც ამ მედიკამენტზე ჰქონდა მანამდე დაჩქარებული ავტორიზაცია მინიჭებული, 2025 წლის 18 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა კლინიკური კვლევები 4 გარდაცვალების შემთხვევის გამო და მოუწოდა მწარმოებელს, გაეჩერებინა მედიკამენტების რეალიზაცია.

    14 ნოემბერს განაახლა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დააფიქსირა შემდეგი: "მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის, ფატალური შედეგის დადგომის რისკს. მოთხოვნილია ასევე სხვა ჯგუფი მედიკამენტებისა. ამ მედიკამენტებს აქვს FDA ავტორიზაცია, მაგრამ მათგან არც ერთს დღეისთვის არ აქვს EMA-ს ავტორიზაცია.

    ამრიგად, მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არც სიცოცხლის გახანგრძლივება, ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და ვგულშემატკივრობთ, არამედ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის, ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. თავისთავად, ესეც მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ", -  ამბობს ჯანდაცვის მინისტრი სარჯველაძე

    სარჯველაძის განცხადებითვე, მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია პროექტი, რომლითაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება.

    დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ორ თვეზე მეტია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და შვილებისთვის მედიკამენტებს ითხოვენ. მათ გუშინ 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს და ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს.