საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ივანე მახარაძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს – პოლიტიკურ ოფიცერს, კერი მაკინტოშს, პრესატაშე სარა საპერსტინს და საელჩოს სპეციალისტს მედიის საკითხებში, ნანა კიკნაძეს შეხვდნენ.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრა მაუწყებლობის სფეროში კომუნიკაციების კომისიის როლის, მედიის რეგულირებისა და საქართველოში არსებული შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოსა და კომისიის მიდგომების განხილვას ისახავდა მიზნად.
შეხვედრის ფარგლებში გოგა გულორდავამ ამერიკის ფედერალურ კომუნიკაციების კომისიასთან (FCC) არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო მედიაპლურალიზმს.
„სახელმწიფოს მტკიცე გადაწყვეტილებამ მედიაპლურალიზმის ხელშეწყობის თაობაზე და მაუწყებლობის ავტორიზაციის მიღების პროცედურების გამარტივებამ საქართველოში სატელეკომუნიკაციო მაუწყებელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს 103 ტელემაუწყებელი, რომელთაგან 19 არის ეროვნული“, – განმარტა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, გოგა გულორდავამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა 2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც კომისიის რეგულირების სფეროში შინაარსობრივი საკითხები, მათ შორის ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა მოექცა.
მისივე თქმით, შინაარსობრივი საკითხების განხილვისას კომისია იყენებს საუკეთესო ევროპულ და ბრიტანულ პრაქტიკას, რადგან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი სწორედ ბრიტანულ ანალოგს შეესაბამება. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და წინასწარი განჭვრეტადობის მიზნით კომისიამ მაუწყებლებისთვის შინაარსობრივი მოთხოვნების შესახებ სპეციალური გზამკვლევი შეიმუშავა.
კომისიის თავმჯდომარემ საელჩოს წარმომადგებლებს განუმარტა, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი მედიასტანდარტების ამაღლებაა.
„დაკისრებული ჯარიმების რაოდენობის სიმცირე ადასტურებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მაუწყებლების დასჯა, არამედ დარღვევების პრევენცია, მედიასტანდარტის ამაღლება და კანონის მოთხოვნების დაცვაა“, – განაცხადა გულორდავამ.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყურადღება ასევე დაეთმო მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობისა და უცხოური ძალისგან დაფინანსების აკრძალვის საკითხებსაც. აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მკაფიო საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას მედიასექტორის ფუნქციონირებაზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე.