Justice
    2026-05-29 | 14:11

    გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

    გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

    გორის რაიონულმა სასამართლომ უფლებამოსილების ძალადობით გამოყენების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.

    დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის ორივე შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნისა და თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

    დაცვის მხარე დაკავებული პოლიციელების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბრალდების მხარემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იჩქარა და პატიმრობისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

    როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, მტკიცებულებების განადგურების, ასევე მიმალვის მაღალი საფრთხიდან გამომდინარე, პატიმრობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

    პროკურორის განმარტებით, პოლიციელების მხრიდან ნაცემ ორივე პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და გამოძიება გრძელდება.

    ცნობისთვის, პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პირი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მანამდე გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლის მიხედვითაც, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლები დაკავების დროს ორ პირს ფიზიკურად უსწორდებიან.

    წყარო