social media
    2026-05-31 | 10:11

    გორში მომხდარი ფაქტი სისტემური დანაშაულის კლასიკური მაგალითია… ეს ვერ იქნება კონკრეტულად მხოლოდ ერთი პიროვნებისა ან ერთი ოჯახის საქმე - ვახო სანაია

    გორში მომხდარი ფაქტი სისტემური დანაშაულის კლასიკური მაგალითია… ეს ვერ იქნება კონკრეტულად მხოლოდ ერთი პიროვნებისა ან ერთი ოჯახის საქმე - ვახო სანაია

    ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

    “თავდაპირველად უნდა განვმარტოთ, რომ გორში მომხდარი ფაქტი სისტემური დანაშაულის კლასიკური მაგალითია. ესაა სისტემის მიერ მოქალაქეების ჩაგვრის მორიგი გამოვლინება. აქედან გამომდინარე, ეს ვერ იქნება კონკრეტულად მხოლოდ ერთი პიროვნებისა ან ერთი ოჯახის საქმე. ეს საზოგადოების საქმეა, რადგან ნებისმიერი მოქალაქე მსგავსი ძალადობის საფრთხის წინაშე დგას ყოველდღიურად.

    რეჟიმს ერთადერთი მიზეზით მოუწია პოლიციელთა არასრული შემადგენლობით ფორმალურად დაჭერა - გავრცელდა ვიდეოკადრები. ოჯახისადმი სრული თანადგომის, სოლიდარობისა და პატივისცემის ფონზე, საზოგადოება ვერ გაჩუმდება დანაშაულზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერ ოჯახს ემუქრება მსგავსი და, ღმერთმა ყველა დაიფაროს, უარესი შედეგიც კი. ამის მაგალითები უხვად მოგვეპოვება.

    რომ არა ჟურნალისტების გადაღებული კადრები, პაპუნა ლოცულაშვილი დღეს ციხეში იქნებოდა - ეშმაკმა უწყის, რამდენწლიანი პატიმრობის პერსპექტივით. სწორედ დანაშაულის გამოაშკარავებამ და საზოგადოების რეაქციამ დაიცვა ის, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი - რეჟიმმა მას მაინც აღუძრა საქმე, მოძალადე პოლიციელი კი საავადმყოფოში დააწვინა. სადისტი მსხვერპლს გაუთანაბრა.

    დანაშაულის მეორე ნაწილი სწორედ ესაა, როცა რეჟიმმა მსხვერპლზე ძალადობის მორიგი ფაზა წამოიწყო და დაჭერით დაემუქრა.

    საქართველოში ადამიანები და ოჯახები დაუცველები არიან. ლოცულაშვილების ოჯახმა მომხდარით უზარმაზარი დარტყმა მიიღო. არავითარ შემთხვევაში მათ მიმართ საყვედური არ შეიძლება. პირიქით, გამძლეობა ვუსურვოთ. მათ ვერავინ ვერაფრისკენ მოუწოდებს, ისევე, როგორც ვერავინ მოუწოდებს საზოგადოებას, ეს ფაქტი დაივიწყოს. საზოგადოებას აქვს უფლება, თავი დაიცვას სისტემისგან და ამის ერთადერთი გზა რჩება - საჯაროობაა.

    ქარდზე გამოტანილი ტექსტის მთავარი პრობლემა ისაა, რომ გაამძაფრა შეკითხვა - როგორ მოიქცეს ადამიანი, როცა მას სისტემა დაჩაგრავს ? რა დასკვნა გამოიტანოს - გაუწიოს წინააღმდეგობა თუ არ ღირს ამის გაკეთება და ბედთან შეგუება ჯობია ? აი, ესაა აქ საკვანძო ამბავი. და მით უმეტეს, რა ქნას იმ ადამიანმა, რომლის ჩაგვრა ფირზე არ აღბეჭდილა ?

    ჩვენი პასუხი ცალსახა უნდა იყოს - ბრძოლაა ერთადერთი სწორი გზა.

    რა სიმბოლურია, რომ დღეს პოლიციელის დღეა. ეს პროფესია საქართველოში მიწასთანაა გასწორებული. ნებისმიერი ადამიანისთვის, იტყვის ის ამას ხმამაღლა თუ არა, პოლიციელი საფრთხეა. საზოგადოებამ მოისმინა, როგორ უთხრა რეჟიმმა პოლიციელებს, იძალადეთ, მაგრამ იქნებ კადრებში არ მოხვდეთ, რომ სალაპარაკო არ მიეცეს ხალხსო. ეს სიტყვები გორში მომხდარი საშინელი დანაშაულის შემდეგ ითქვა და დაკავებული მოძალადე პოლიციელებიც საოცარი სითბოთი ახსენეს - თქვენ რა გითხარით, როგორ დაგემართათ ასეთი სისულელე, რომ კადრებში მოხვდითო. ეს სითბო ასახულია იმ მსუბუქ მუხლში, რომლითაც ძიება დაიწყეს და დაპირებაში, რომ შეძლებისდაგვარად მალე გამოუშვებენ. დანაშაულის ჩადენას კი არ საყვედურობენ, არამედ დაუდევრობას. ეს განცხადება პირდაპირი მოწოდებაა ძალადობისკენ.

    დასკვნის სახით ერთსაც ვიტყვი - ძალადობას თავისი ფასი აქვს, რომელსაც საზოგადოება აუცილებლად გადაახდევნებს ივანიშვილს. ის აუცილებლად დამარცხდება. საზოგადოება არ გაჩუმდება”.

    პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

    პოლიციელების  მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პაპუნა ლოცულაშვილი უკვე მესამე დღეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. 

    შეგახსენებთ, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ ექვს პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

    ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ექვსი სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.