Politics
    2026-06-10 | 10:55

    პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი -დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

    პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი -დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, საქართველოში სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ბოლო წლებში რეპრესიული მართლმსაჯულების მიმართულებით გადაიხარა, რამაც პენიტენციური სისტემის გადატვირთვა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი გამოიწვია.

    ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კვლევის მიხედვით, პრაქტიკულად გაუფასურდა პატიმრობის, როგორც „უკიდურესი ზომის“ (Ultima Ratio) პრინციპი და მართლმსაჯულება უფრო მეტად ხანგრძლივ იზოლაციაზეა ორიენტირებული, ვიდრე რეაბილიტაციაზე.

    DRI-ის მონაცემებით, ბოლო ექვს წელიწადში საპატიმროებში მსჯავრდებულთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წელს სასამართლო პრაქტიკამ პატიმრობის გამოყენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. ორგანიზაციის ინფორმაციით, თუ 2023 წელს პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი 37.86% იყო, 2025 წელს ის 52.26%-მდე გაიზარდა.

    კვლევის თანახმად, 2025 წელს პენიტენციურ სისტემაში ჯამურად 22 767 მსჯავრდებული მოხვდა, რაც 2024 წელთან შედარებით 25.5%-იანი ზრდაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მონაცემთა აღრიცხვის დაწყების შემდეგ.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2024 წლის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზე იყო — 236.6 პატიმრით. პირველ ადგილზე თურქეთი იყო, 408 პატიმრით 100 000 მოსახლეზე.

    კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გათავისუფლების მექანიზმების ეფექტიანობის შემცირებას. DRI-ის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევები 2019 წლის 1 279-დან 2025 წელს 195-მდე შემცირდა, რაც 85%-იან კლებას წარმოადგენს.

    ამასთან, სასჯელის შემსუბუქების, მათ შორის შინაპატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი 236-დან 144-მდე შემცირდა. ორგანიზაციის შეფასებით, ამნისტიისა და შეწყალების მექანიზმები სისტემის განტვირთვის ეფექტიან ინსტრუმენტებად ვერ ჩამოყალიბდა, ხოლო შეწყალების ინსტიტუტი პრაქტიკულად უმოქმედოა.

    კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულთა მაღალ რაოდენობაზეც. მათი ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რაოდენობა 5 000-ს აღემატება, რაც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვან ტვირთს ქმნის სისტემისთვის.

    დოკუმენტში ასევე საუბარია გირაოს პრაქტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი აჩვენებს, რომ გირაოს ოდენობის განსაზღვრისას ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა ხშირად სათანადოდ არ არის გათვალისწინებული, რის გამოც პატიმრობა ფაქტობრივად სიღარიბის სანქციად იქცევა.

    DRI რეგიონულ შედარებასაც აკეთებს და აღნიშნავს, რომ სომხეთში, მოლდოვასა და სერბეთში ბოლო წლებში ალტერნატიული სასჯელებისა და თავისუფლების აღკვეთის შემცირების მიმართულებით რეფორმები განხორციელდა, მაშინ როდესაც საქართველოში 2024-2025 წლებში საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა.

    ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება სისტემურ კრიზისზე მიუთითებს და რეკომენდაციებს შორის ასახელებს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციას, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და შეწყალების ინსტიტუტების ეფექტიანობის აღდგენას, ნარკოპოლიტიკის რეფორმას, ეკონომიკური დანაშაულების ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას, სოციალური პრობლემების პრევენციასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების პოლიტიკის გაძლიერებას.