social media
    2026-07-30 | 17:09

    ჯიგრებო, სახელმწიფოს ფუნქცია ის არის, რომ ადამიანი ბრბოს „მოთმინებაზე“ დამოკიდებული არ იყოს. გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ სასიამოვნო, უმრავლესობისთვის მოსაწონი და ხელისუფლების მიერ მოწონებული სიტყვების თავისუფლება არ არის - გოჩა მირცხულავა

    ჯიგრებო, სახელმწიფოს ფუნქცია ის არის, რომ ადამიანი ბრბოს „მოთმინებაზე“ დამოკიდებული არ იყოს. გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ სასიამოვნო, უმრავლესობისთვის მოსაწონი და ხელისუფლების მიერ მოწონებული სიტყვების თავისუფლება არ არის - გოჩა მირცხულავა

    ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

    “ახლა უკვე ახალი საინიციატივო ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც „ქართული იდენტობის, ეროვნული ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის“ დასაცავად სპეციალური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითხოვს.

    კარგით, მაშინ ჯერ გაგვარკვიეთ კონკრეტულად რას იცავთ თქვენ ბატონებო? რა არის „ქართული იდენტობა“ და ვინ ადგენს მას? თუ დედა ქართველია და მამა სხვა ეროვნების, ადამიანი რამდენი პროცენტით არის ქართული იდენტობის მატარებელი? თუ პირიქითაა? თუ ორივე სხვა ეროვნებისაა, მაგრამ ადამიანი საქართველოში დაიბადა, ქართულად აზროვნებს, ამ ქვეყანას ემსახურება და საკუთარ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევს, სად გადის თქვენს საზომში? იდენტობა სისხლის ანალიზია? გვარი? გენეალოგიური ხე? რელიგია? ჩაცმულობა? პოლიტიკური შეხედულება? თუ სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას და მოქალაქეებს „ქართულობის ხარისხი“ დაუდგინოს?

    შემდეგი კითხვა: რა არის „ფუნდამენტური ფასეულობები“? მეგრელებმა ღომი თეფშზე არ უნდა დადონ და მხოლოდ ხის დაბალ ტაბლაზე უნდა მიირთვან? ყველამ ჩოხა და ჩიხტიკოპი უნდა ჩაიცვას? ხანჯალი უნდა გვეკიდოს? „სამანიშვილის დედინაცვალი“ თანამედროვე კოსტიუმებში აღარ შეიძლება დაიდგას? კლასიკურ ტექსტზე თანამედროვე ინტერპრეტაცია უკვე ეროვნული საფუძვლების შეურაცხყოფაა?

    ვინ ადგენს ამ ყველაფერს - გიორგი შანიძე, გიორგი სიხარულიძე, კოტე მჟავია, პარლამენტი თუ რომელიმე ახლად შექმნილი „ეროვნული გემოვნების კომისია“? ისე, თუ მართლა კულტურის დაცვა გაწუხებსთ, მაშინ გელათზე რას აკეთებთ? საყდრისზეც ხომ არ აპირებეთ უკანა რიცხვით განცხადების გაკეთებას? თუ კულტურის დაცვა ადამიანების გაჩუმებაა, მაგრამ უკვე დაზიანებული კულტურული ძეგლებისთვის პასუხის მოთხოვნა - არა?

    ახლა ისტორიულ საფუძვლებს შევხედოთ. თუ „ისტორიული ფასეულობების შეურაცხყოფა“ უნდა აიკრძალოს, მაშინ ისტორიის რომელი ვერსია გამოცხადდება კანონიერად? კანონიერი ხელისუფლების დამხობა კანონიერი იყო? თუ არ იყო, მისი დამხობის მონაწილეები, მხარდამჭერები და პოლიტიკური მემკვიდრეები რატომ არიან დღევანდელ ხელისუფლებაში სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი ან რატომ იქცნენ ამ ხელისუფლების იდეოლოგებად? თუ ისტორიის შეფასებას კანონი დაადგენს, გამოდის, ისტორიკოსიც პარლამენტის მიერ დამტკიცებული ტექსტით უნდა მუშაობდეს? ხელოვანმა, მწერალმა, რეჟისორმა და მოქალაქემ ხელისუფლების მიერ შერჩეულ ისტორიულ ინტერპრეტაციას უნდა დაუკრას ტაში?

    ახლა ყველაზე საინტერესო: ამბობთ - „გარედან მიღებული დავალება“. გარედან - კონკრეტულად საიდან? რუსეთიდან? აშშ-დან? ევროპიდან? ჩინეთიდან? ირანიდან? მოზამბიკიდან? „ბრატცი“ - „გარედან“ იურიდიული ტერმინი არ არის. ეს არის განუსაზღვრელი პროპაგანდისტული ტომარა, რომელშიც ნებისმიერ არასასურველ ადამიანს ჩააგდებ.

    კიდევ ერთი კითხვა მაქვს: ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორ იცავთ ქართულ იდენტობას, ეროვნულ ერთობას, კულტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობას? ჰო, აღიარებეთ მკაფიოდ, რომ რუსეთი ოკუპანტია? თუ „გარედან მართულ ჯგუფებში“ ისევ დასავლეთის მხარდამჭერ ქართველ მოქალაქეებს გულისხმობთ, ხოლო რეალურ საოკუპაციო ძალასთან დაკავშირებით სიტყვა „რუსეთის“ წარმოთქმაც გიჭირთ?

    და ბოლოს - რას ნიშნავს ეს გაფრთხილება: „შეიძლება ბრძენმა ქართველმა ხალხმაც დაკარგოს მოთმინება,“ და კიდევ: „სწორედ ეს მცირე ჯგუფი აღმოჩნდება ყველაზე მეტად დაზარალებული“. ეს სამოქალაქო მშვიდობის დაცვის ენაა თუ წინასწარი დაშინება?

    ანუ ჩვენ საკანონმდებლო ცვლილება უნდა მივიღოთ იმიტომ, რომ თუ მოქალაქეები თქვენთვის მიუღებელ აზრს იტყვიან, ვიღაც შეიძლება „მოთმინებიდან გამოვიდეს“ და ისინი „დაზარალდნენ“?

    ჯიგრებო, სახელმწიფოს ფუნქცია ის არის, რომ ადამიანი ბრბოს „მოთმინებაზე“ დამოკიდებული არ იყოს. გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ სასიამოვნო, უმრავლესობისთვის მოსაწონი და ხელისუფლების მიერ მოწონებული სიტყვების თავისუფლება არ არის. საქართველოს კონსტიტუცია თანასწორობასა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს; ამ უფლებების შეზღუდვა მხოლოდ მკაფიო, კანონიერ და აუცილებელ საფუძველზე შეიძლება და არა ბუნდოვანი ფრაზებით - „სიწმინდე“, „ქართული იდენტობა“, „გარედან მართული“ და „ხალხის მოთმინება“. რა არის თქვენთვის წმინდა?

    ისე, კი უნდა იცოდეთ ფილარმონია ხალხმა, რომ კულტურის დაცვა კანონის საქმეა. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ძალადობა, მუქარა, ქონების დაზიანება და სხვა დანაშაული ისედაც დასჯადია.

    ახალი კანონი სინამდვილეში რისთვის გჭირდებათ? გელათის გადასარჩენად? თუ იმისთვის, რომ სიტყვა „შეურაცხყოფად“ მონათლოთ და ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო მოქალაქეებს კანონის სახელით პირი აუკრათ? ისე, ენის დაცვის კუთხით, თანამომხრეებს შეურაცხყოფის წერა რომ ასწავლოთ, ცუდი არ იქნება.

    სანამ კანონზე დაგველაპარაკებით, ჯერ განმარტეთ: რა არის ქართული იდენტობა? რა არის ფუნდამენტური ფასეულობა? ვინ ადგენს მათ საზღვრებს? რას გულისხმობთ „გარედან მართვაში“? რომელი სახელმწიფოა ეს „გარეთა“? და რატომ ემუქრებით წინასწარ „დაზარალებით“ იმ ადამიანებს, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა?

    ამ ყველაფრის გარეშე თქვენს „სურვილებში“ჯერჯერობით არც ეროვნული ერთობა ჩანს, არც სამოქალაქო მშვიდობა და არც კულტურის დაცვა.

    რაც ჩანს ის არის, რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს, რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ, როგორ უნდა გამოხატოს აზრი ხელოვანმა და სად მთავრდება მოქალაქის თავისუფლება”.