ბაჩო ახალაია: გავიმეორებ, რაც ბრალშია – მიმაჩნია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად
გავიმეორებ, რაც ბრალშია – მიმაჩნია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბაჩო ახალაიას თქმით, ეს არის ერთადერთი ღირსეული ქცევა და გარანტია, რომ მომავალში ხელისუფლებაში ვინც მოვა, ვერავინ გაბედოს დიქტატურის გზაზე დადგომა.
მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც სჯის ხელისუფლების დამხობას.
„ძალიან უცნაური რაღაც მოხდა, სასამართლოზე ნათქვამის გამო წარმიდგინეს ბრალდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ხელისუფლების დამხობა დანაშაულად არაა მოხსენიებული. დანაშაულია ყაჩაღობა, ბანდიტობა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების დამხობა არის კანონიერი მოქმედება, ჩვეულებრივი ქცევა ისეთი დიქტატორის პირობებში, როგორშიც ვიმყოფებით. სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც სჯის ხელისუფლების დამხობას. ხვალ რომ ავდგე და თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლება დავამხო, ბრალს ვერ წამიყენებენ, რადგან სისხლის სამართლის კოდექსით რაც აკრძალული არაა, ყველაფერი დაშვებულია. შესაბამისად, ვამბობ, ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსვლის, რომელიც ჩვენს ერს აქვს, დამპყრობელი ხელისუფლების დამხობაა. ეს არის ერთადერთი, სამართლიანი გზა, რომლითაც საქართველომ შეიძლება, ღირსება აღიდგინოს. არჩევნები არ ტარდება, ყველამ იცის, რომ ქუჩაში დგომა, გაპროტესტება არ შეიძლება. ტროტუარზე დგომა დანაშაულია კანონმდებლობით, ხელისუფლების დამხობა არ არის ჯერჯერობით. არ არსებობს მუხლი, რომელიც ხელისუფლების დამხობას დანაშაულად აცხადებს“, – აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.
ბაჩო ახალაიას თქმით, „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილი სასტიკად დაემხოს“.
„არაფერს უკანონოს არ ვამბობ და გონებაშიც არ ვფიქრობ. ეს კაცი თუ ფიქრობს, რომ ამ გზით შორს წავა, ძალიან ცდება. შეიძლება ფიქრობს, რომ გაიქცევა, როგორც კადაფი, ან ჩვენი ასლან აბაშიძე, მაგრამ ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ. მაგიდაზე არ ავსულვარ და ხულიგნობა არ ჩამიდენია. ეს არის მოსაზრება, რაც ვთქვი, იმავეს ვიმეორებ – ივანიშვილს როცა დავამხობთ, აბა მეორე დღეს პროკურორი ან ვინმე მოგვადგეს, დანაშაული ჩაიდინეო, მაგრამ ეს არაა დანაშაული, დიქტატორის დამხობა არაა დანაშაული, ეს არის უფლება და ასეთ ვითარებაში, ვალდებულება. დავამხობთ ივანიშვილსაც და მის საცეცებსაც, ყველა სასტიკად აგებს პასუხს ხალხის წინაშე. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი მოქალაქის კანონიერი უფლება და ვალდებულებაა, გავაკეთო ის, რომ ივანიშვილის თამადობით ეს ფორმალური მთავრობა დაემხოს და ყველამ სასტიკად აგოს პასუხი. ბიძინამ კარგად იცის, რომ ქართველებს გვაქვს ამის უნარი “, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას 27 მარტს ბრალდება წარუდგინა.
ბაჩო ახალიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა ბრალდება (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.