უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულებს საპატიმრო გირაო შეეფარდა
უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არაკეთილსინდისიერ მომსახურებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ ხუთ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მეია მელქაძემ მიიღო.
კერძოდ, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორ რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, მის ერთ თანამშრომელსა და სამი ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორებს კი – 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო.
ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, ზიანის ანაზღაურებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს, პროკურატურამ აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინა და საპატიმრო გირაოს გამოყენებას დაეთანხმა.
სასამართლო სხდომაზე, როგორც რეზო ალადაშვილმა, ასევე დანარჩენმა ბრალდებულებმა, რომლებიც ქვეკონტრაქტორი კომპანიების დირექტორები არიან, დანაშაული აღიარეს.
მათი განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტებში ასახავდნენ, თითქოს კვებითი მომსახურება რეალურზე მეტ ბენეფიციარს გაეწია, რის შედეგადაც თანხებს თაღლითურად ითვისებდნენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და აღნიშნულ დანაშაულში დახმარების ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.
მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 25-ე და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი შპს „გიდსთან“, შპს „ბადესთან“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024-2026 წლებში ყოველდღიურად 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.
უწყების ცნობით, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს.