პოლიტიკა
    2026-04-15 | 10:24

    ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე, დიახ, თქვენ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობას, მოგეთხოვებათ პასუხი - გიორგი შარაშიძე

    ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე, დიახ, თქვენ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობას, მოგეთხოვებათ პასუხი - გიორგი შარაშიძე

    „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მიმართა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

    დეპუტატის განცხადებით, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების ნაცვლად, დღეს ყურადღება უნდა ეთმობოდეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება და საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლები არიან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „ჩიხში შეყვანაზე“.

    შარაშიძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ პასუხი უნდა მოეთხოვოს, თუ რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რატომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

    მისივე შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერება შეინიშნება, რაც ევროკავშირის მოთხოვნებთან შეუთავსებელია. დეპუტატმა ასევე გააკრიტიკა ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და დეზინფორმაციის გავრცელება.

    შარაშიძემ გაიხსენა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკი განცხადებაც, რომლის მიხედვით, საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს.

    დასასრულს, დეპუტატმა საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, უპასუხოს ოპოზიციის კითხვებს და საზოგადოებას განუმარტოს, რატომ „შორდება ქვეყანა ევროპულ გზას“ და აქვს თუ არა ხელისუფლებას რესურსი, პოლიტიკური ნება და კომპეტენცია, რათა საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.