მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას - ირაკლი კობახიძე
საქართველოში იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც რეალურად არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. არ მინდა, დავკონკრეტდე, რა მიმართულებაზეა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება, ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები გაჩნდეს.
„თავის დროზე, მთავრობამ, მათ შორის ხალხის ზეწოლის, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, დღემდე დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგები. ასეთი პრეცედენტები გვქონია. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც შეიძლება, არავითარი შედეგები არ მოჰქონდეს, გარდა ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. საბოლოო ჯამში, ამ თანხების საერთო წლიური მოცულობა ძალიან მარტივად შეიძლება ავიდეს მილიარდ ლარამდეც კი. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფოს, მთავრობის სისუსტეს, შეიძლება მილიარდ ლარამდეც კი ავიდეს იმ თანხების საერთო მოცულობა, რომლებიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. ამიტომ, ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არ არის ჩვენი თანხა. მე პირად არაფერს ვკარგავ ამ თანხის გაცემით, პირიქით. ხვალ რომ გამოვიდე და განვაცხადო ამ თემასთან, სხვა თემებთან დაკავშირებით, რომ გავცემთ აქ 50 მილიონს, იქ 30 მილიონს, აქეთ 100 მილიონს, პოლიტიკურად მხოლოდ ქულების მომტანი იქნებოდა მათ შორის ჩემთვის, მთლიანად მთავრობის გუნდისთვის, მაგრამ მეორე მხარეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას.
ასევე ერთ რამეს უნდა გავუსვა ხაზი, წარმოიდგინეთ, არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულაბა მაგალითად, სამი მილიონი დოლარია. არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება 700 000 დოლარია. ამ წამლების თვითღირებულება ერთ და მეორე შემთხვევაშიც მაქსიმუმ სამასი და შვიდასი დოლარია. შეგიძლიათ, თავადაც წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის მაფაიზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი მაფია, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები. ამასთან, ჩვენ თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. ჩვენთვის როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს კონკრეტული ინიციატივები სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, რაც ფარმაცევტულ მაფიას უკავშირდება, ყველა შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე უნდა შევიდეთ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებთან. ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი პრაგმატული გადაწყვეტილებების მომზადებაზე. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერს კითხვა დაუსვეს: „მშობლები ითხოვენ თქვენთან შეხვედრას, რა იქნება თქვენი პასუხი“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:
„სადაც არის შესაბამისი ექსპერტული ცოდნა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, კონსულტაციები გაგრძელდეს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან. კონსულტაციები წარმოებდა და მზაობა დღესაც არსებობს. სადაც არის ექსპერტული ცოდნა, სჯობს, იქ გაგრძელდეს კონსულტაციები და არა წმინდა პოლიტიკურ ჭრილში. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნებოდა, საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში გაგრძელდეს კონსულტაციები“.