უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული კანონპროექტები დაამტკიცა, რომლებიც ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მოქმედების ვადას 2026 წლის 31 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს.
საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ კანონპროექტს (№15401), რომელიც უკრაინის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების დამტკიცებას ითვალისწინებს, მხარი 313-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტი (№15402) კი 311-მა პარლამენტარმა დაამტკიცა.
მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა ინიციატივით, რომ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, 2026 წლის 2 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივებულიყო.
ეს უკვე მეოცე შემთხვევაა, როდესაც უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გაგრძელებას მხარი დაუჭირა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.