ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების მე-11 ზედიზედ ღამე წარმატებით დავასრულეთ - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, 21 ივლისს, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების მე-11 ზედიზედ ღამე წარმატებით დასრულდა.
CENTCOM-ის ცნობით, დარტყმები მიიტანეს ირანის სამხედრო ოპერაციების ცენტრებზე, საზღვაო შესაძლებლობებზე, სამხედრო ავიაციის ანგარებზე, უპილოტო საფრენი აპარატების საცავებსა და სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე. სარდლობის განცხადებით, ოპერაციის მიზანი იყო ირანის შესაძლებლობების დამატებით შეზღუდვა, რათა მან ვეღარ შეძლოს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისათვის საფრთხის შექმნა.
ამერიკული მხარის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ირანმა რეგიონული და გლობალური ვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო მარშრუტზე მოძრავ 30-ზე მეტ კომერციულ გემზე თავდასხმა განახორციელა. CENTCOM-ის შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ასობით მშვიდობიან მეზღვაურს და ზიანი მიაყენა ნავიგაციის თავისუფლებას.
ცენტრალური სარდლობა აღნიშნავს, რომ ირანის აგრესიული მოქმედებების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე კომერციული გემების გადაადგილებისთვის კვლავ ღია რჩება. CENTCOM-ის მონაცემებით, მაისის დასაწყისიდან აშშ-ის ძალებმა ხელი შეუწყვეს დაახლოებით 900 კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტს.