ოკუპირებულ სიმფეროპოლში დრონებით Wildberries-ის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
ოკუპირებულ ყირიმში უკვე მესამე ღამეა აფეთქებების ხმა ისმის. რუსულ და ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად დარტყმები სხვადასხვა ქალაქში განხორციელდა, მათ შორის, სიმფეროპოლში კომპანია Wildberries-ის სასაწყობე კომპლექსზე.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, აფეთქებები, სიმფეროპოლის გარდა, სუდაკში, ევპატორიაში, სევასტოპოლსა და ოკუპირებული ნახევარკუნძულის სხვა დასახლებებშიც დაფიქსირდა.
ტელეგრამ-არხი „Крымский ветер“ იუწყება, რომ სიმფეროპოლში დრონები Wildberries-ის ლოგისტიკურ ჰაბს მოხვდა. მოგვიანებით კომპანიამ დაადასტურა, რომ სიმფეროპოლის დახარისხების ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.
Wildberries-ის პრესსამსახურის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში სიმფეროპოლის დახარისხების ცენტრი დროებით დაიცალა.
მანამდე, 22 ივლისის ღამეს, დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად რუსეთის კრასნოდარსა და სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში Wildberries-ის მსხვილი ლოგისტიკური ცენტრები დაზიანდა, სადაც ხანძარი გაჩნდა.