სოცმედია
    2026-07-25 | 12:29

    რა გახდა ამ მასშტაბური გათიშვის რეალური მიზეზი? ვფიქრობ, ეს კითხვები მხოლოდ ჩემი არ არის, ამ კითხვებზე პასუხს ქვეყნის მოსახლეობა ელოდება - კახა კახიშვილი

    რა გახდა ამ მასშტაბური გათიშვის რეალური მიზეზი? ვფიქრობ, ეს კითხვები მხოლოდ ჩემი არ არის, ამ კითხვებზე პასუხს ქვეყნის მოსახლეობა ელოდება - კახა კახიშვილი

    ყოფილი პარლამენტარი კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „ბოლო პერიოდში უკვე მეორედ მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური შეფერხება. პირველად ელექტროენერგია ქვეყნის დიდ ნაწილს გაეთიშა, დღეს დილით კი გათიშვა კვლავ განმეორდა.

    ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ დილის 8 საათზე ელექტროენერგია „მცირე ხნით“ გაითიშა. თუმცა ამ განცხადებიდან უკვე ორ საათზე მეტია გასული და ბევრ აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება.

    ორ საათზე მეტი „მცირე დრო“ აღარ არის.

    მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ:

    • რა გახდა ასეთი მასშტაბური ავარიის მიზეზი?

    • რატომ განმეორდა გათიშვა?

    • რამდენად გამართული და დაცულია ქვეყნის ელექტროსისტემა?

    • ვინ აგებს პასუხს სისტემის გამართულ მუშაობაზე?

    • და რა გაკეთდება იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს?

    ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ ტურიზმი და ავიაცია არ არის. მის პასუხისმგებლობაში შედის ენერგეტიკა, ელექტროსისტემა და ქვეყნისთვის არაერთი სხვა სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ყოველდღიურ და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

    თუ ახალი ავიარეისების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია სწრაფად, დეტალურად და დიდი ენთუზიაზმით მიეწოდება, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესახებაც საზოგადოებას ისეთივე ოპერატიული, კონკრეტული და ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს.

    სახელმწიფო თანამდებობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ყველა იმ სფეროზე, რომელიც სახელმწიფომ ჩაგაბარა.

    ენერგეტიკული უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმი, ავიაცია და ახალი ავიარეისების გახსნა.

    მე ენერგეტიკოსი არ ვარ და არც ვამტკიცებ, რომ ენერგოსისტემის ყველა ტექნიკური დეტალი ვიცი.

    მაგრამ, როგორც რიგით მოქალაქეს, რამდენიმე სრულიად ბუნებრივი კითხვა მიჩნდება.

    უკვე ოთხ წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის მხრიდან სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს.

    ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა:

    ნუთუ ერთი ავარია ან ერთი მნიშვნელოვანი კვანძის მწყობრიდან გამოსვლა საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ერთდროულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?

    თუ ეს ასე არ არის, მაშინ რა გახდა ამ მასშტაბური გათიშვის რეალური მიზეზი?

    ვფიქრობ, ეს კითხვები მხოლოდ ჩემი არ არის. ამ კითხვებზე პასუხს ქვეყნის მოსახლეობა ელოდება“.