სოცმედია
    2026-07-24 | 14:11

    კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი ოკუპანტის ხელშია - რომან გოცირიძე

    კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი ოკუპანტის ხელშია - რომან გოცირიძე

    ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

    "გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა: ენგურის გარეშე საქართველოს ენერგეტიკა პრაქტიკულად არ არსებობს.

    ენგურის კაშხალი და წყალსაცავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო თავად ელექტროსადგური აფხაზეთში-რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი ოკუპანტის ხელშია. ასეთ პირობებში ენერგეტიკული უსაფრთხოება მხოლოდ ეკონომიკის საკითხი აღარ არის-ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

    სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების აშენება. მზისა და ქარის ელექტროსადგურები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი სისტემის რეგულირების ფუნქციას ვერ ასრულებენ. ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა ისეთი პროექტები, როგორიც იყო ხუდონი, ნამახვანი და ნენსკრა.

    გუშინდელი გათიშვა, სავარაუდოდ, ავარიის შედეგი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი „ავარიის“ პროვოცირება ოკუპანტს ნებისმიერ დროს შეუძლია.

    ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააჩერა ყველა სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტი: ხუდონიდან წავიდა ინდოელი ინვესტორი, ნამახვანიდან-თურქული კომპანია, ხოლო ნენსკრას პროექტი კორეელმა ინვესტორებმა დატოვეს. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა კვლავ ენერგეტიკულად მოწყვლადი დარჩა.

    ელექტროსადგურები მხოლოდ ეკონომიკური პროექტები არ არის. ისინი ენერგოდამოუკიდებლობის, სისტემის მდგრადობისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია".