სოცმედია
    2026-07-27 | 17:26

    „ციხეშიც წავალთ“ - ძალადობის საჯარო ანონსი ხელისუფლების დუმილის ფონზე -კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ, რომ სწორად მიხვდეთ საფრთხეებს - გოჩა მირცხულავა

    „ციხეშიც წავალთ“ - ძალადობის საჯარო ანონსი ხელისუფლების დუმილის ფონზე -კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ, რომ სწორად მიხვდეთ საფრთხეებს - გოჩა მირცხულავა

    ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

    „ციხეშიც წავალთ“ - ძალადობის საჯარო ანონსი ხელისუფლების დუმილის ფონზე (კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ, რომ სწორად მიხვდეთ საფრთხეებს)

    MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა. როგორც თავად განაცხადა, მოძრაობის მიზანი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვაა.

    თავისთავად, ადამიანს აქვს უფლება, დაიცვას ის ღირებულებები, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია. შეუძლია შექმნას მოძრაობა, გამართოს შეხვედრები, გაავრცელოს განცხადებები, იკამათოს, გააპროტესტოს და საკუთარი შეხედულებები კანონით დაშვებული ფორმით დაიცვას.

    მაგრამ უკვე დეკლარირებული განცხადებების მიხედვით აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ „ღირებულებების დაცვასთან“ არ გვაქვს.

    განცხადებაში კონკრეტული ადამიანებისა და ჯგუფების წინააღმდეგ „ბრძოლაა“ გამოცხადებული. ისინი მოხსენიებული არიან, როგორც „უცხოეთიდან დაფინანსებული“, „გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი“ და „გაუკუღმართებული იდეოლოგიის მატარებელი“ ადამიანები.

    ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძრაობის წევრები „არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან“, თითოეულ ქმედებაზე პასუხისგებისთვის მზად არიან და, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც წავლენ.

    „ციხეშიც წავალთ“ - უბრალო პათეტიკა არ არის. ეს არის წინასწარი განცხადება, რომ მათ მიერ გამოცხადებული „ბრძოლა“ შესაძლოა კანონით დასჯად ქმედებებამდე მივიდეს. სხვა შემთხვევაში ციხეში წასვლას რატომ აანონსებ? თუ მხოლოდ მშვიდობიან, კანონიერ და კონსტრუქციულ საქმიანობას გეგმავ, პატიმრობისთვის მზადყოფნა საერთოდ რა შუაშია?

    რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ სიტყვებით კონკრეტული დანაშაულის ჩადენილად გამოცხადება იურიდიულად სწორი არ იქნება. მაგრამ ეს არის შესაძლო ძალადობისა და კანონდარღვევის განზრახვის საჯარო გამომჟღავნება და საზოგადოებისთვის გაგზავნილი აშკარა მუქარის შემცველი სიგნალი.

    მით უფრო, როცა თავად მოძრაობა არ განმარტავს: რა არის მისთვის „ქართული ღირებულება“; რა არის „გაუკუღმართებული იდეოლოგია“; ვინ ითვლება „გარე ინტერესების მსახურად“; რა არის მათი „ბრძოლის“ ფორმა; რომელი ქმედებისთვის არიან მზად ციხეში წასასვლელად; და ვინ მიანიჭა მათ უფლება, ეს კრიტერიუმები საერთოდ დაადგინონ. ვინ განსაზღვრავს, რა არის „ქართული“ და რა - „არაქართული“?

    შესაძლოა, ხვალ ვინმემ თქვას, რომ დრედებიანი ქალი ან კაცი ქართული კულტურისთვის მიუღებელია. ზეგ შეიძლება მიუღებლად გამოცხადდეს ათეისტი, ლიბერალი, ჟურნალისტი, მწერალი, აქტივისტი, განსხვავებული გარეგნობის ადამიანი ან უბრალოდ მოქალაქე, რომელმაც მათთვის არასასიამოვნო აზრი გამოთქვა.

    ვინ მისცა კერძო ჯგუფს უფლება, ადამიანები „სწორებად“ და „გაუკუღმართებულებად“ დაყოს? ვინ მისცა უფლება, საკუთარი გემოვნება კანონად გამოაცხადოს? ვინ მისცა უფლება, დაადგინოს, რომელი სიტყვა, ხუმრობა, შეხედულება, გარეგნობა ან ცხოვრების წესი იმსახურებს „ბრძოლას“?

    ერთმნიშვნელოვანი პასუხი - არავინ!

    მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს რელიგიური ან არარელიგიური. იყოს კონსერვატორი, ლიბერალი, მემარცხენე, მემარჯვენე ან საერთოდ არცერთი. ჰქონდეს ხელისუფლებისგან, ეკლესიისგან, საზოგადოების უმრავლესობისგან ან რომელიმე კერძო ჯგუფისგან განსხვავებული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული შეხედულება.

    საქართვეელოს მოქალაქის აზრი და გამოხატვა კონსტიტუციით არის დაცული. მისი ფიზიკური ხელშეუხებლობა ასევე დაცული უნდა იყოს - ესეც კანონის საფუძველზე. მისი ღირსება დაცული უნდა იყოს. მისი პირადი ცხოვრება დაცული უნდა იყოს. მისი გარეგნობა, რწმენა და ცხოვრების წესი არ შეიძლება კერძო ჯგუფის მიერ დევნის, შეურაცხყოფის, დაშინების ან ძალადობის საფუძვლად იქცეს.

    ადამიანს შეიძლება არ მოსწონდეს სხვისი აზრი. შეუძლია გააკრიტიკოს, შეეკამათოს, უარყოს, დაცინოს კიდეც. მაგრამ მისი დასჯის უფლება არ აქვს. დავას არეგულირებს კანონი. პასუხისმგებლობას ადგენს სასამართლო. ხოლო ძალის გამოყენების კანონიერ უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო და ისიც მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

    არც ერთ კერძო, ფორმალურ თუ არაფორმალურ ჯგუფს არ აქვს უფლება, სახელმწიფო ფუნქცია მიითვისოს და საკუთარი შეხედულების საფუძველზე მოქალაქეს „სასჯელი“ დაუწესოს.

    კიდევ ერთი კითხვა: რომელ „გარე ინტერესს“ ებრძვიან?

    საქართველოს მიმართ უამრავი, მაგრამ მკვეთრად გამოხატული ორი სრულიად განსხვავებული გარე პოლიტიკური მიმართულება არსებობს. ერთია რუსული ინტერესი - საქართველოს ოკუპაცია, სუვერენიტეტის შეზღუდვა, პოლიტიკური გავლენის გაძლიერება და ქვეყნის დასავლური კურსის დაბლოკვა. მეორეა დასავლური პოლიტიკური სივრცე, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებებს, თავისუფალ არჩევნებს, კანონის უზენაესობასა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავშირდება.

    რომელ ჯგუფთან აპირებენ დაპირისპირებას? რუსულ ინტერესთან? რუსეთთან ომის პროვოცირებას აპირებენ? ეს მათგან იმდენად წარმოუდგენლად ჩანს, რომ განცხადებაში არც რუსეთი უხსენებიათ, არც ოკუპაცია და არც საოკუპაციო რეჟიმი.

    თუ „გარე ინტერესში“ დასავლეთს გულისხმობენ, მაშინ საქმე ქართული კულტურის დაცვასთან აღარ გვაქვს. მაშინ საქმე გვაქვს დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი მოქალაქეების მონიშვნასთან, დაშინებასთან, დევნისთვის ნიადაგის მომზადებასთან და მათ წინააღმდეგ მობილიზებული ჯგუფის შექმნასთან.

    ეს უკვე სხვა რეალობაა.

    და აქ ხელისუფლების პასუხისმგებლობა იწყება. თუ ეს მოძრაობა ხელისუფლების მიერ არის შექმნილი, მართული ან წახალისებული, თუნდაც ფორმალურად ეს არ ჩანდეს, მაშინ ხელისუფლება თავიდანვე იღებს პასუხისმგებლობას მის ყველა შემდგომ ნაბიჯზე. თუ მოძრაობა ხელისუფლების მიერ შექმნილი არ არის - რაც არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით საფუძვლიან ეჭვს მაინც აჩენს - მაშინ მისი საჯარო განცხადებაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფომ მოძრაობის საქმიანობას პირველივე წუთებიდან განსაკუთრებული პრევენციული ყურადღება მიაქციოს.

    როცა ჯგუფი აცხადებს, რომ ადამიანების წინააღმდეგ „ბრძოლას“ იწყებს, მათ „გაუკუღმართებულებად“ მოიხსენიებს და საკუთარი ქმედებების გამო ციხეში წასვლასაც წინასწარ უშვებს, სახელმწიფოს არ აქვს უფლება დაელოდოს, როდის სცემენ ვინმეს, როდის დაემუქრებიან, როდის გაანადგურებენ ქონებას ან როდის შეუქმნიან საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოსალოდნელი დანაშაულის ანონსი პრევენციას მოითხოვს.

    სახელმწიფოს მოვალეობა მხოლოდ ის არ არის, რომ ძალადობის შემდეგ ვინმე დააკავოს. მისი მოვალეობაა, გონივრულად მოსალოდნელი ძალადობა თავიდან აიცილოს. ამიტომ ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა უპასუხოს კითხვებს: რას ნიშნავს ამ მოძრაობისთვის „ბრძოლა“? ვინ არიან ადამიანები, ვის წინააღმდეგაც ეს ბრძოლაა გამოცხადებული? რა ქმედებისთვის არიან მზად ციხეში წასასვლელად? და როგორ აპირებს სახელმწიფო თითოეული მოქალაქის დაცვას მათი შეხედულების, გარეგნობის, რწმენის ან ცხოვრების წესის გამო შესაძლო დევნისგან?

    დუმილი აქ ნეიტრალიტეტი არ არის. დუმილი შესაძლო ძალადობის პოლიტიკური წახალისებაა.

    მაგრამ ამ მოძრაობის წევრებსაც უნდა ვუთხრათ ერთი მნიშვნელოვანი რამ და განვმარტავ რატომაც - ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დამარცხდეს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ ჩაიდინოს დანაშაული (თუნდაც წახალისებული) სახელმწიფოსა და თანამოქალაქეების წინააღმდეგ.

    ამიტომ მოძრაობის წევრებს მინდა გავახსენო, რომ ისტორიული და სამართლებრივი გამოცდილება - არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მრავალი უცხო ქვეყნის - თვალნათლივ გვაჩვენებს: ხელისუფლების მიერ შექმნილი, წახალისებული ან მფარველობის ქვეშ მოქცეული ძალადობრივი ჯგუფი რაღაც ეტაპზე ხშირად კონტროლს აღარ ემორჩილება. თავდაპირველად ასეთ ჯგუფებს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, აქტივისტების, უმცირესობებისა და ხელისუფლებისთვის არასასურველი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ.

    შემდეგ ისინი ძალაუფლებას, გავლენასა და დაუსჯელობის განცდას იძენენ. იწყებენ საკუთარი წესების შექმნას. საკუთარ თავს სახელმწიფოზე მაღლა აყენებენ. და ბოლოს, თავად ხელისუფლებისთვის ხდებიან საფრთხე.

    ისტორია ასეთ ჯგუფებს იშვიათად უმზადებს ბედნიერ დასასრულს. ხშირად ხელისუფლება მათ მიტოვებს. მათ წევრებს აპატიმრებენ. მათ წინააღმდეგ იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა. ზოგ შემთხვევაში კი საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ლიკვიდაციამდეც მიდის.

    დღეს შეიძლება ვიღაცისთვის საჭირო „პატრიოტებად“ ითვლებოდნენ. ხვალ კი - ზედმეტ, უკონტროლო და სახიფათო ადამიანებად.

    მე, როგორც მოქალაქეს, არ მინდა, მოვლენები იქამდე მივიდეს, რომ დღეს ვიღაცის მიერ წაქეზებული ადამიანები ხვალ თავად აღმოჩნდნენ იმავე სისტემის მსხვერპლები.

    ამიტომ ეს მათთვისაც გაფრთხილებაა: ნუ დაუშვებთ, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ძალადობის იარაღად გამოგიყენოთ. ნუ დაიჯერებთ, რომ ხელისუფლება ყოველთვის დაგიცავთ. არ არსებობს მარადიული პოლიტიკური მფარველობა.

    თუ ეს მოძრაობა ხელისუფლების შექმნილია, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება მასზე კონტროლი დაკარგოს. არ არსებობს აბსოლუტური კონტროლი ჯგუფზე, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ „ბრძოლის“ უფლებას, იდეოლოგიური მტრის ძებნის შესაძლებლობასა და დაუსჯელობის განცდას აძლევენ.

    თუ ხელისუფლების შექმნილი არ არის, ვიმეორებ მაშინ მისი ვალდებულებაა, პირველივე დღიდან აკონტროლოს არა ადამიანების აზრი, არამედ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების რისკი და უზრუნველყოს მისი პრევენცია.

    ხოლო თუ ამ აშკარა გაფრთხილების შემდეგ ხელისუფლება არ იმოქმედებს, არ მოითხოვს განმარტებას, არ უზრუნველყოფს პრევენციას და მოქალაქეებს არ მისცემს მკაფიო გარანტიას, რომ მათ ვერავინ დაესხმება თავს პოლიტიკური შეხედულების, რწმენის, გარეგნობის ან ცხოვრების წესის გამო, ამ ორგანიზაციის შემდგომ ქმედებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირველ რიგში სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება.

    და თუ კონკრეტული საფრთხის არსებობის შესახებ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა და გონივრული ზომები არ მიიღო, შეიძლება დადგეს სახელმწიფოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც.

    ეს მოძრაობა ჯერ არც ქართული კულტურის მცველად უნდა გამოვაცხადოთ და არც დასრულებული დანაშაულის ჩამდენად. მაგრამ მისი დეკლარირებული პრინციპები, ადამიანთა ჯგუფების მტრად მონიშვნა, მათ წინააღმდეგ „ბრძოლის“ გამოცხადება და ციხეში წასვლისთვის წინასწარი მზადყოფნა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებამ საფრთხე დაინახოს, ხოლო სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს.

    ქართული კულტურა კერძო სადამსჯელო რაზმებს არ საჭიროებს. ეროვნული იდენტობა ადამიანის ცემით არ მტკიცდება. პატრიოტიზმი სხვისი აზრის განადგურება არ არის. და ვინც „საქართველოს დაცვის“ სახელით მოქალაქის უფლებას, ღირსებასა და თავისუფლებას ემუქრება, სინამდვილეში საქართველოს კი არ იცავს - საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდება”.

    მსგავსი სტატიები