პოლიტიკა
    2026-07-30 | 12:29

    ბიძინა ივანიშვილს ეკისრება მძიმე პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ სახელმწიფო ჩაბარებულია არაკომპეტენტურ ადამიანებს, ხოლო მათი გუნდი კორუფციაშია ჩაძირული - ირაკლი კუპრაძე

    ბიძინა ივანიშვილს ეკისრება მძიმე პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ სახელმწიფო ჩაბარებულია არაკომპეტენტურ ადამიანებს, ხოლო მათი გუნდი კორუფციაშია ჩაძირული - ირაკლი კუპრაძე

    „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.

    კუპრაძე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გადადის.

    მისი თქმით, ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები „ვაკხანალიას“ ჰგავს და ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანად მართვა არ შეუძლია.

    “„ანტიქართულმა ოცნებამ“ ისეთ დიდი ვაკხანალია მოაწყო სახელმწიფო უწყებებში, რომ ჯერ პარლამენტიდან გააძევეს მდინარაძე, შემდეგ სუს-იდან, შემდეგ თავის სახელობით შექმნილი სამინისტროდან. ახლა ისევ გამოუგონეს ახალი სამინისტრო. ბიძინა ივანიშვილს ეკისრება მძიმე პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ სახელმწიფო ჩაბარებულია არაკომპეტენტურ ადამიანებს, ხოლო მათი გუნდი კორუფციაშია ჩაძირული, რაც მათივე აუდიტებმა, პროკურატურამ და სასამართლომ დაადასტურა,“ – განაცხადა კუპრაძემ.

    მისივე შეფასებით, მამუკა მდინარაძისთვის „ადგილი ვერ მოიძებნა“ და მისი ახალ თანამდებობაზე გადაყვანა ამის დასტურია.

    „როდესაც ვერ ხვდებიან, როგორ უნდა მართონ სახელმწიფო, უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას. ამაზე გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს, რათა ყოველდღიურად აღარ ზიანდებოდეს სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

    მსგავსი სტატიები