სოცმედია
    2026-08-31 | 18:29

    ნუ აქცევთ ადამიანის ასაკს მისი გონივრული გადაწყვეტილების მიღების უნარის საზომად...ეროვნული ბანკი შენ თავად ხარ მოწყვლადი სეგმენტი!!!!! - ლალი აფციაური

    ნუ აქცევთ ადამიანის ასაკს მისი გონივრული გადაწყვეტილების მიღების უნარის საზომად...ეროვნული ბანკი შენ თავად ხარ მოწყვლადი სეგმენტი!!!!! - ლალი აფციაური

    ადვოკატი ლალი აფციაური სოციალურქსელში წერს:

    „ეროვნული ბანკი შენ თავად ხარ მოწყვლადი სეგმენტი!!!!!

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაცია, რომელიც 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მხოლოდ მათი ასაკის გამო საკუთარი ფულის განკარგვისას განსაკუთრებულ კონტროლს უწესებს, პრინციპულად მიუღებელია.

    ნუ აქცევთ ადამიანის ასაკს მისი გონივრული გადაწყვეტილების მიღების უნარის საზომად.

    60 წელს გადაცილებული ადამიანი არ არის არც არასრულწლოვანი, არც შეზღუდულქმედუნარიანი და არც სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ მყოფი პირი.

    ამიტომ მიმაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის ასაკობრივი კრიტერიუმი საჭიროებს ძალიან მკაცრ სამართლებრივ და კონსტიტუციურ შეფასებას.

    ხოდა იმ დრომდე ვიდრე მივმართე სასამართლოს სადაც 60 წლის და გადაცილებული მოსამართლეები ასრულებენ თავის მოვალეობას იქნებ გონს მოხვიდეთ.

    მივმართავ საქართველოს ეროვნულ ბანკს, საჯაროდ წარმოადგინოს კონკრეტული კვლევა, სტატისტიკური მონაცემები და სამართლებრივი დასაბუთება, რომლის საფუძველზეც 60 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი განათლების, პროფესიის, გამოცდილებისა და ფინანსური ცოდნისა, ასეთ „მოწყვლად სეგმენტად“ იქნა მიჩნეული.“

    ცნობისთვის, ხვალიდან 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება.  

    60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აპრილში მიიღო, თუმცა ის ძალაში ხვალიდან შევა.

    კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, ცვლილება შევიდა მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.