სოცმედია
    2026-09-02 | 17:19

    ნებისმიერ დროს შეიძლება გამოინახოს ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრების და ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის წართმევის ფაქტის გამართლება, რასაც "ერთგულად" ასრულებენ ხელისუფლების "მხარდამჭერის" მანტიაში შეფუთული პირმოთენე გამპრავებლები - ზაზა დავითაია

    ნებისმიერ დროს შეიძლება გამოინახოს ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრების და ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის წართმევის ფაქტის გამართლება, რასაც "ერთგულად" ასრულებენ ხელისუფლების "მხარდამჭერის" მანტიაში შეფუთული პირმოთენე გამპრავებლები - ზაზა დავითაია

    ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში წერს:

    “ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით მინდა, საზოგადოების წინაშე პოზიცია გამოვხატო:

    - ფაქტია, რომ ლაზარე ჯორბენაძე - გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა სწორედ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ დ ი ტ ო ჩ უ ბ ი ნ ი ძ ი ს თ ვ ი ს მიცემული მწვავე ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან დავით გარეჯის გასხვისებაში მოქმედი ხელისუფლების პირველი პირი დაადანაშაულა.

    აი, ამ ინტერვიუს შემდეგ, ოფიციოზის ინფორმაციის თანახმად, მან - ბერმა (!!!) თითქოს თავი ჩამოიხრჩო!

    ეს კიდევ არაფერი - ასეთ სკანდალურ ვითარებაში გარდაცვლილი მოქალაქე დაკრძალეს სიკვდილიდან მესამე დღეს, ყოველგვარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, საზოგადოებაში გაჩენილი ლოგიკური და სამართლიანი კითხვებისთვის წაყრუების ფონზე, რაც ირიბად კიდევ უფრო მეტად მოწმობს მის ნაძალადევ სიკვდილზე, ხოლო ხელისუფლებას ამ დიდ სკანდალთან დაკავშირებით, განცხადებაც არ გაუვრცელებია!

    მახსოვს, პირადად მე, ზაზა დავითაიას - თავს როგორ დამატყდა მმართველი პარტიისთვის "დათვური სამსახურის"გამწევი მხარდამჭერების და გამპრავებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ბულინგი, მარტო იმის გამო, რომ საჯაროდ დავსვი ლოგიკური კითხვები, დავით გარეჯის კომპლექსის ამჟამინდელ სტატუსთან დაკავშირებით; ასევე, მოქალაქეს გარდაცვალების ბუნდოვან გარემოებებთან დაკავშირებით!

    უფრო უარესი ბულინგი თავს დაატყდათ ჟურნალისტ დ ი ტ ო ჩ უ ბ ი ნ ი ძ ე ს, რომელიც ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუების ციკლის ავტორია (ეს სწორედ ის დიტო ჩუბინიძეა, რომლის სახელიც ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში მიწერილ წერილში ფიგურირებს);

    პირმოთენეებმა მმართველი პარტიის ეგიდით, ნამდვილი ომი გამოუცხადეს თვით "ასავალ-დასავალის" მთავარ რედაქტორს, ლ ა შ ა ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ს, რომელმაც გადაჭრით განსაზღვრა გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა - საიდუმლო ვითარებაში გარეჯის კომპლექსის სავარაუდო გასხვისების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, რაც ოდესღაც კი არა, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტური გამოძიებებით მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, სწორედ ახლა, ქართველი ხალხის ზურგს მიღმა მიმდინარეობს!

    საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს სწორედ ის ლ ა შ ა ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი ბრძანდება, რომლის მიერ განსაზღვრულმა მხილების მძაფრმა სარედაქციო პოლიტიკამ გადამწყვეტი როლი შეასრულა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დასრულებაში, რასაც თავად სააკაშვილი ყოველდღიურად გაიძახის და ადასტურებს!

    ამ დამსახურების მიუხედავად, ნაცვლად გაჟღერებული ინფორმაციის დეტალურად გამოძიებისა, ხელისუფლების პირმოთენე გამპრავებლებმა ლ ა შ ა ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი ს რედაქტორობით გამომავალი, ამ ჭეშმარიტად სახალხო გაზეთის დახურვაც კი მოითხოვეს!

    არადა, ჩვენს ქვეყანაში დიდი საჯარო ინტერესის მატარებელი პირები (კონკრეტულად ლაზარე ჯორბენაძე) დღემდე იღუპებიან გაურკვეველ გარემოებაში.

    ასეთ ფონზე, საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს, ბოლოსდაბოლოს, მართალია თუ ტყუილია ხმები, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის საიდუმლო ვითარებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რაზე საუბარსაც დიდი ალბათობით შეეწირა ბერი ლაზარე ჯორბენაძე?

    დაბოლოს:

    როგორც ჩანს, საქართველოში ლოგიკური კითხვების საჯაროდ დამსმელი ადამიანების (მათ შორის რესპონდენტების და ჟურნალისტებისაც) თავისუფლება და სიცოცხლეც კი - დაზღვეული არანაირად არ არის. ნებისმიერ დროს შეიძლება გამოინახოს ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრების და ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის წართმევის ფაქტის გამართლება, რასაც "ერთგულად" ასრულებენ ხელისუფლების "მხარდამჭერის" მანტიაში შეფუთული პირმოთენე გამპრავებლები, რომლებიც ხელისუფლებას და სახელმწიფოსაც ამით უდიდეს ზიანს აყენებენ, რამეთუ ამგვარად ახშობენ თავისუფალ აზრს!

    აქ უნდა დავძინო - არ მგონია, მათ შორის რომელიმეს ჩემზე მეტად აღელვებდეს გინდ სახელმწიფოს და თუნდაც, იმ ხელისუფლების ბედ-იღბალი, რომელსაც თავისუფალი აზრის გამავრცელებლები ოდენ მოყვრული პოზიციიდან ვაკრიტიკებთ!

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მართებს, განსაკუთრებული ძალისხმევით დააზღვიოს ასეთი ადამიანების, ამ შემთხვევაში - ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სიცოცხლე და თავისუფლება, რომელმაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ბერთან, ლაზარე ჯორბენაძესთან უკანასკნელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც რესპონდენტი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის ზესკანდალურ თემაზე საუბრობდა!

    ადრე "ასავალ-დასავალში" დავწერე და ახლაც გავიმეორებ - მორწმუნე მართლმადიდებელი ვარ, პირადად მე, თავის მოკვლას არ ვაპირებ!

    სახელმწიფოსთვის უკიდურესად საშიში პრაქტიკა დაინერგა, როცა ნაცვლად იმისა, გავრცელებული ინფორმაცია არგუმენტებზე დაყრდნობით დამაჯერებლად უარყონ, განსხვავებული აზრის საჯაროდ მთქმელს ცილისმწამებლური ბრალდებით იჭერენ! ანდა, კიდევ უარესი - ასეთ ადამიანს ანაზდად, გარდაცვლილს პოულობენ და მერე დაუსაბუთებლად აცხადებენ, რომ მან თავი მოიკლა!“

     

    მსგავსი სტატიები