სოცმედია
    2026-09-05 | 22:54

    კობახიძის წითელი ხელისუფლების წითელი პროპაგანდა კვლავ წითელი ტერორის ეპოქაში გვაბრუნებს - ირმა ინაშვილი

    კობახიძის წითელი ხელისუფლების წითელი პროპაგანდა კვლავ წითელი ტერორის ეპოქაში გვაბრუნებს - ირმა ინაშვილი

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „კობახიძის წითელი ხელისუფლების წითელი პროპაგანდა კვლავ წითელი ტერორის ეპოქაში გვაბრუნებს!

    პარლამენტში სპეციალური დარბაზია, სადაც პრესკონფერენციები და ბრიფინგები უნდა ტარდებოდეს. მე ჟურნალისტი ვარ და, როგორც კი პარლამენტის წევრი გავხდი, სწორედ ამ დარბაზში დაიწყო ჩვენმა ფრაქციამ ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების ჩატარება, მაგრამ კობახიძემ ეს დარბაზი ჩაგვიკეტა. ჯერ სხვადასხვა მიზეზებით არ გვიშვებდნენ ბრიფინგების დარბაზში, ბოლოს კი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ჩვენთვის ამ დარბაზის კარი სამუდამოდ დაიკეტა!

    თუმცა, კობახიძე ამას არ დასჯერდა. პარლამენტიდან პირდაპირი ტრანსლაციის დროს, გადამღებ ჯგუფს ჩვენი ფრაქციის კადრში ჩვენება აუკრძალეს. ჩვენს დეპუტატებს სიტყვას უზღუდავდნენ და ბოლოს, პლენარულ სხდომებზე, საშუალოდ ორ კვირაში ერთხელ, მხოლოდ 10 წუთი გამოგვიყვეს. დამატებითი წამები გამოგვიყვეს სამშაბათობით, ამ დროში მხოლოდ ხუთი ხმოვანი ბგერის წარმოთქმას თუ მოასწრებდი.

    სინამდვილეში, აი, აქედან დაიწყო ჩემი დაპირისპირება კობახიძესთან. კობახიძეს არ ესმოდა, რომ პარლამენტი, უპირველეს ყოვლისა, საჯარო ტრიბუნაა და 21-ე საუკუნის პოლიტიკა სწორედ საჯარო დებატებს ეფუძნება და არა მდუმარებას! სწორედ კობახიძემ აკრძალა საკონსტიტუციო განხილვების პირდაპირი ტრანსლაცია, მან გადააქცია პარლამენტი სანოტარო ბიუროდ. მეტიც, კობახიძის ხელისუფლება დღეს გვიხსნის, რომ პოლიტიკოსები ყველაფერზე კომენტარს არ უნდა აკეთებდნენ, მათი კომენტარები ჭორაობას და ყვითელ პრესას არ უნდა ემსგავსებოდეს. მოკლედ, ხელისუფლების პროპაგანდამ ახალი ტერმინი შემოიღო: ყვითელი პრესა ხომ არსებობსო, ახლა ყვითელი ანუ ჭორიკანა პოლიტიკოსებიც გაჩნდნენო.

    საზოგადოებამ იცის, რომ კობახიძემ დაბეზღების მექანიზმები დააკანონა. ეს მექანიზმი საბჭოთა კავშირმაც კი გააუქმა 70 -იან წლებში, მაგრამ კობახიძემ 21-ე საუკუნის საქართველოში აღადგინა! მოსახლეობის 80%-ისათვის უცნობმა მოქალაქემ სახელმწიფოს ცრუ დაბეზღების განცხადებით მიმართა. ამ განცხაებაში მაბეზღარა მოქალაქე წერდა, რომ ტელევიზიიდან (ოღონდ არ ახსოვს, რომელი ტელევიზიიდან) გახარიას შესახებ გარკვეული ინფორმაცია შეიტყო. ამ ინფორმაციის ზუსტი ტექსტიც მაბეზღარას, თურმე, არ ახსოვს, მაგრამ მაბეზღარამ დაასკვნა, რომ გახარიამ საქართველოს სახელმწიფო დააზიანა და ამ საქმის გამოძიება მოითხოვა! ალბათ, მხატვრულ ფილმში გგონიათ თავი, მაგრამ არა, ეს რეალობაა და ამ დაბეზღების საფუძველზე გახარიას ბრალი წაუყენეს. გახარიამ ქვეყანა დატოვა, მისმა ადვოკატებმა კი, მაბეზღარას განცხადება გაასაჯაროვეს. ჩვენც აქედან შევიტყვეთ ეს ამბავი.

    ახლა დააკვირდით: „ქართული ოცნების“ ლოგიკით, მოსახლეობის 80%-ისთვის უცნობი მაბეზღარას ცრუ დაბეზღება არც ჭორია და არც ყვითელი წერილი, არც თავად მაბეზღარაა ყვითელი მებეზღარა, ამიტომაც პროკურატურაში საქმეს სერიოზულად მიუდგნენ და გახარიას ბრალიც წაუყენეს. ამავდროულად, საქართველოს ორჯერ პრემიერის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და, რაც მთავარია, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილები „ქართული ოცნების“ აზრით, თურმე, ყვითელი წერილებია და ამ წერილებზე ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსების რეაქცია ყვითელი რეაქცია ყოფილა და ადამიანები, ვინც ამ წერილებთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ და მსჯელობენ, თურმე, ყვითელი პოლიტიკოსები, ყვითელი ჟურნალისტები და ზოგადად, ყვითელი მოქალაქეები ყოფილან! მოკლედ, კობახიძის წითელი ხელისუფლების წითელი პროპაგანდა კვლავ წითელი ტერორის ეპოქაში გვაბრუნებს!

    კვლავ მინდა შეგახსენოთ ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ მესამისა და მისი მსახურის- ბასილის ისტორია, რომელმაც მაბეზღარობით, ტყუილებითა და ცილისწამებებით იმპერატორს ერთგული ხალხი შეაძულა და დააპატიმრებინა კიდეც, მეტიც, საკუთარი ბიძაც კი მოაკვლევინა. ბასილმა ისე მოაჯადოვა იმპერატორი, რომ მართვის სადავეებიც ჩაიგდო ხელში და ბოლოს, თავად იმპერატორიც მოკლა! შემდეგ კი, ტახტზე ბასილი მაკედონიელის სახელით ავიდა. მინდა პარალელი გავავლოთ ბასილი მაკედონიელსა და ირაკლი კობახიძეს შორის. კობახიძემ რომ ჩვენი ქვეყანა, „ქართული ოცნება“ და პირადად ივანიშვილი მთელს მსოფლიოს გადაამტერა, ამას ყველა ვხედავთ! ქვეყნის შიგნით რომ სრული სიძულვილი და დაუნდობლობა სუფევს, ესეც ფაქტია, მაგრამ კობახიძე ამითი არ კმაყოფილდება. ახლა ცდილობს,- ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ თითქოსდა ღარიბაშვილი დგას ჩემს უკანაც, „ასავალ-დასავალის“ უკანაც, საერთოდ, ტრადიციონალისტებს უმაგრებს ზურგს და ამავდროულად, თურმე, ლიბერალური ბანაკის უკანაც ღარიბაშვილი მდგარა. მოკლედ, პატიმარი ღარიბაშვილი არც მეტი-არც ნაკლები ტალეირანი ყოფილა!

    კობახიძის პროპაგანდისტების აზრებს დააკვირდით: პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, რომლებიც ღარიბაშვილის წერილებმა ბუნებრივად აღაშფოთა, დაკითხვაზე უნდა მივიდნენ და გამოძიებას განუმარტონ, თუ რა ინფორმაციას ფლობენ და თუ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, მაშინ ჭორიკნები ყოფილან და თანაც, ყველა, ესენი შეკრული ყოფილან ერთმანეთთან და მათ უკან ღარიბაშვილი მდგარა, თურმე! ამ ბოდვის მასშტაბს თუ ვაცნობიერებთ?! და სწორედ ამ ბოდვაში არწმუნებს ახლა კობახიძე ივანიშვილს.

    ახლა ღარიბაშვილის წერილებს შევეხოთ. ივანიშვილთან მუშაობის პროცესში ღარიბაშვილიც დაუფლებია კროსვორდების შედგენის ხელოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ კობახიძეს IQ ცოდნისა და განათლების მაჩვენებლი ჰგონია, იძულებული ვარ ავუხსნა, რომ IQ, პირველ რიგში, გამჭრიახობის მაჩვენებელია. ჰოდა, ამჯერად გამჭრიახობა ჩვენც გვეყო და ღარიბაშვილის კროსვორდის გაშიფვრა ჩვენც მოვახერხეთ!

    კობახიძე-მდინარაძე ღარიბაშვილს ამა წლის 12 თებერვალს შეხმიანებიან, ამ დროს ლაზარე ჯორბენაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ანუ მთავარი ინტერესი მაშინ მხოლოდ ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის საკითხი შეიძლება ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები გვიხსნიან, რომ კობახიძე აზერბაიჯანს დავით გარეჯის მიწებს ვერ გადასცემდა, მაგრამ აქ საკითხი სრულიად სხვაგვარად დგას. საზღვრის დადგენაზე სპეციალური კომისია მუშაობს, ამ კომისიამ კონკრეტული რუკებით უნდა იხელმძღვანელოს. ღარიბაშვილი სწორედაც რომ საქართველოსთვის სასარგებლო რუკებით ხელმძღვანელობდა და ჩვენთვის არასახარბიელო რუკებს უარყოფდა. კობახიძეს სავსებით შეეძლო ხელი მოეწერა ოქმისთვის, რომლის თანახმადაც, მხარეები საზღვრის დადგენისას ჩვენთვის არასახარბიელო რუკით იხელმძღვანელებდნენ. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს ასეც მოხდა. რის საფუძველზე მაქვს ეს ეჭვი? ჯერ ერთი- ამ აზრს გვთავაზობს ღარიბაშვილის კროსვორდი. თუმცა, ეს არაა მთავარი. რამდენადაც ვხვდები, ამაზე საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძეც, მაგრამ ყველაზე წონადი არგუმენტი ისაა, რომ დღეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სწორედ ჩვენთვის არახელსაყრელ პერიმეტრზე დგანან. ეს არის გონივრული ეჭვის საფუძველი.

    თავს უფლებას მივცემ, შევახსენო საზოგადოებას, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირველად სააკაშვილის დროს შემოვიდნენ. მაშინ მე „ობიექტივს“ ვხელმძღვანელობდი, დავით თარხან-მოურავი კი- წინააღმდეგობის მოძრაობას. ამ მოძრაობაში არაერთი ცნობილი ადამიანი იყო გაერთიანებული: გიგა ლორთქიფანიძე, ოთარ მეღვინეთ-უხუცესი, გოგი ქავთარაძე, გიორგი ოთხმეზური, ბევრი სხვა. მაშინ ჩვენ ჩავედით დავით გარეჯში, დაახლოებით 3000 კაცი ვიყავით და პირდაპირ წავედით ჩიჩხიტურის კოშკისკენ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ეს რომ დაინახეს, წინააღმდეგობა არ გაგვიწიეს და მყისიერად დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ პოზიციებს და მრავალი წლის მანძილზე აქეთ აღარ გადმოსულან.

    „ქართული ოცნების“ პერიოდში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კვლავ დაიწყეს ფრთხილი მოძრაობები, მაშინ ჩვენმა პარტიამ ათი ათასობით მხარდამჭერი ჯერ თავისუფლების მოედანზე შეკრიბა (სხვათა შორის, იმ დღეს, 2019 წლის 15 ივნისს მესამედ შევავსეთ თავისუფლების მოედანი) და შემდეგ 12 500 კაცი პირდაპირ ჩიჩხიტურის კოშკთან ავედით. 850 მარტო სამარშრუტო ტაქსი იყო, 200-ზე მეტი ავტომობილი, მოკლედ, ვისაც აინტერესებს, ვიდეო და ფოტომასალა ინტერნეტში მოიძებნება. ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია დავით გარეჯში! ჰოდა, ამ დროს, კობახიძე პარლამენტის დარბაზში მესაუბრა და მთხოვა,- მიტინგებს ნუღარ მოაწყობთ, ჩვენ ვლაგდებით აზერბაიჯანთან, ვლაგდებით ჩვენთვის სასიკეთოდ და ხელს ნუ შეუშლით სახელმწიფოსო. იგივე თხოვნით სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნებმაც მომმართეს, მაშინ ვიცესპიკერი ვიყავი და ცხადია, კომუნიკაცია მუდმივად გვქონდა. ჩვენი გუნდი შეიკრიბა, იმსჯელა და შევთანხმდით- ვენდოთ სახელმწიფოს და ნუ შევუშლით ხელს, მაგრამ გავიდა დრო და რა შედეგი გვაქვს სახეზე? აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დღეს ჩვენთვის არახელსაყრელ პერიმეტრზე დგანან. ჰოდა, მე მგონია, რომ სწორედ ამას გვეუბნება ღარიბაშვილის კროსვორდი.

    ახლა რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძეს. აქ ყურადსაღებია ორი მნიშვნელოვანი განცხადება. ჯერ ერთი, ყურადსაღებია ჩემი კოლეგის- დიტო ჩუბინიძის კომენტარი. ციტატა: „ზეგ გამოქვეყნდება მისი (ლაზარე ჯორბენაძის) მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი. ბევრ საინტერესოს ყვება...“ და ასევე, მნიშვნელოვანია ლაზარე ჯორბენაძის თანამებრძოლის გიორგი ლილუაშვილი განცხადება. ციტატა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაზარეს ანუ ზურაბ ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს და ამის არაერთი მიზეზი არსებობდა. ჩვენ არაერთხელ შევხვდით, ვისაუბრეთ, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მომავალ გეგმებზე და ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს, ის მომავალ გეგმებზე არ საუბრობს. ზუსტად მისი ნათესავის, რიჟვაძის მსგავსი ფაქტია. რიჟვაძე ზურაბის ალალი დეიდაშვილია ანუ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ამ თვითმკვლელობების საკითხი.“

    ჩემი დღევანდელი წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ალბათ, კვლავ დაკითხვაზე გამოძახებას უნდა ველოდო?!

    P.S. ისე, წინასწარ ვაცხადებ, რომ თავის მოკვლას არც მე და არც ჩვენი გუნდის არცერთი წევრი არ ვაპირებთ.

    ირმა ინაშვილი, 2026 წლის 5 სექტემბერი. თბილისი.“

    მსგავსი სტატიები