სოცმედია
    2026-11-20 | 11:10

    „მამი, მიყიდე სიცოცხლე...“

    „მამი, მიყიდე სიცოცხლე...“

    ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა სოციალურ ქსელში წერს:

    „მთელი დღე სახლიდან გასული ვიყავი. არც ახალი ამბები მინახავს, არც სოციალურ ქსელში შევსულვარ. ახლახან მეუღლემ მითხრა ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ...

    იქ ჩემი ახლობელი ადამიანებიც ცხოვრობდნენ. მეტიც, რამდენიმე წლის წინ სწორედ ისინი მერიისგან ამ კორპუსის დემონტაჟს ითხოვდნენ და სპროტესტო აქციებს აწყობდნენ!

    ახლახან ვნახე კადრები, როგორ ამოიყვანეს მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვი... ღმერთო, ყველა გადაარჩინე!

    მაგრამ რამდენჯერ უნდა გადავრჩეთ მხოლოდ ღვთის წყალობით?! რამდენჯერ უნდა ველოდოთ ტრაგედიას, რომ მერე მისი თავიდან აცილების აუცილებლობაზე დავიწყოთ ლაპარაკი?!

    ნუთუ შეუძლებელია, პომპეზურ ღონისძიებებსა და საჩვენებელ პროექტებს ცოტა ფული მოვაკლოთ და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას მოვახმაროთ?!

    შეძრწუნებული ვარ, როცა ვიგებ, რომ მეტროს ვაგონების შეკეთება-მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხებიდან ვიღაც ღორები 41 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე არიან დაკავებული!

    ქალაქში კი მშენებლობა მშენებლობაზე მიმდინარეობს. ძველი სახლების ეზოებში ახალ კორპუსებს აშენებენ, საძირკვლებს უთხრიან და ისედაც ავარიულ შენობებს, უკანასკნელ საყრდენს აცლიან.

    რუსთაველზე ფოსტის შენობა დაანგრიეს. ჩემი აზრით, ამით მეზობლად მდგომ რამდენიმე ძველ შენობასაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს.

    მე ძველ თბილისში ვცხოვრობ და სამი თვის წინ, ჩემი სახლის გვერდით, საუკუნენახევრის წინ აშენებულ შენობის უკან, ქუჩაში წყლის მილი გასკდა. ერთ კაცს, რომლის ბინაც უკანა ქუჩის მხრიდან მიწის ქვეშ არის, პირდაპირ ჩანჩქერი ჩამოსდიოდა სახლში! ქალაქის წყალკანალის საავარიო სამსახურის ხალხმა ორი დღე ვერ მოაღწიეს მილის შესაკეთებლად.

    შეაკეთეს, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ის ალიზით და აგურით ნაშენი კედელი (ასეა აშენებული ძველი ქალაქი), საიდანაც ჩანჩქერი ჩამოდიოდა - ჩამოინგრა!

    ამ სახლში 19 ოჯახი ცხოვრობს. ოთხი ოჯახი გაასახლეს. ერთმა სხვა გამოსავალი ვერ იპოვა- უკან ავარიულ სახლში დაბრუნდა! ... და დღესაც დადიან იატაკზე, რომელსაც ქვემოდან საყრდენი ნახევრად გამოცლილი აქვს...

    ეს ხომ ცხოვრება აღარ არის! ეს ყოველდღიური რუსული რულეტკაა, რომელშიც ნაგანში ჩადებული ტყვიის ნაცვლად, საკუთარი სახლის კედელი გემუქრება!

    მინდა მივმართო თბილისის ხელმძღვანელობას, პირადად კახა კალაძეს:

    1. გამოვაცხადოთ სამ-ოთხთვიანი მორატორიუმი ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი სამშენებლო ნებართვების გაცემაზე. ეს დრო გამოვიყენოთ უსაფრთხოების წესებისა და ნებართვების გაცემის წესის გადასახედად;

    2. გამოვყოთ ახალ ბიუჯეტიდან თანხა და ჩავატაროთ ავარიული შენობების სრული ინვენტარიზაცია. შევქმნათ მერიის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც სახიფათო შენობების დემონტაჟს, მოსახლეობის დროებით განსახლებას და მათ ადგილზე უსაფრთხო საცხოვრებლების აშენებას უზრუნველყოფს.

    3. ხელახლა გადავხედოთ თბილისის გენერალურ გეგმას და მშენებლობის ნებართვების გაცემის წესს. ქალაქის განვითარება არ შეიძლება მისი მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე!

    კახა, შოვის ტრაგედიის დროს ღმერთმა შენი ოჯახი დაინდო. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გიფიქრია, რა შეიძლებოდა მომხდარიყო... ამიტომ, შენ განსაკუთრებით კარგად უნდა გესმოდეს, რომ არ არსებობს ფული, რომლითაც შვილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას იყიდი!

    გამახსენდა ერთი ამბავი კომუნისტების დროიდან. უმდიდრესი ოჯახის მომაკვდავ შვილს, რომელსაც მამა მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველა სურვილს უსრულებდა, მისთვის ყველაფერს ყიდულობდა, რასაც ის ბავშვი ითხოვდა, სანამ ავად გახდებოდა, სიკვდილის წინ ერთი თხოვნა აღმოხდა:

    „მამი, მიყიდე სიცოცხლე...“

    და მამამ პირველად ვერ შეძლო შვილის სურვილის შესრულება...

    დღეს, არ მინდა პოლიტიკური ანგარიშსწორება, არც ერთმანეთის ლანძღვა. დღეს, მინდა, ტრაგედიის წინაშე ერთიანები ვიყოთ!

    მინდა, ყველა გადარჩეს! მინდა, მაშველების თავდადება წარმატებით დასრულდეს!

    მაგრამ ისიც მინდა, რომ ამ უბედურებათა უსასრულო ციკლს ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი!

    ტრაგედიას მხოლოდ მაშინ აქვს საზოგადოების შეცვლის ძალა, როცა ტკივილს მოქმედებად ვაქცევთ და არა მორიგ სატელევიზიო სანახაობად ან პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად!

    ალბათ, ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სწორედ კათარზისი სჭირდება - შინაგანი განწმენდა, რომელმაც უნდა გაალღოს სიხარბით, გულგრილობითა და ურთიერთსიძულვილით გაქვავებული გულები.

    ქალაქი შენობებით კი არა, ადამიანებით არსებობს. და ქალაქის ხელმძღვანელობის უპირველესი მოვალეობა, პომპეზუირი ღონისძიებები კი არა, სწორედ ამ ადამიანების სიცოცხლის დაცვაა!“

    მსგავსი სტატიები