რუსეთში დრონებით ნევინომისკის ქიმიური ქარხანა და თბოელექტროსადგური დააზიანეს
რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში 26 ნოემბრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით სამრეწველო ზონას დაესხნენ თავს. თავდასხმის სამიზნეებს შორის იყო თბოელექტროსადგური და ქიმიური ქარხანა „ნევინომისკი აზოტი“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს აწვდის.
როგორც უკრაინული მონიტორინგის Telegram-არხები Exilenova+ და Supernova+, ასევე რუსული გამოცემა ASTRA იუწყებიან, დრონებით თავდასხმის შედეგად აფეთქებები ნევინომისკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის (ГРЭС) მიმდებარე ტერიტორიაზეც ისმოდა.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმიროვმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ქალაქის სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასირებული დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
მისი განცხადებით, ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები საწარმოო და ენერგეტიკული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ობიექტი დაზიანდა.
გუბერნატორის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 26 ნოემბერს ნევინომისკის სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
ქიმიური ქარხანა „ნევინომისკი აზოტი“, რომელიც „ევროქიმის“ ჯგუფში შედის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს ძმარმჟავას აწვდის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწარმო, რომლის წლიური საწარმოო სიმძლავრე ამიაკის შემთხვევაში მილიონ ტონას, ხოლო ამონიუმის გვარჯილის შემთხვევაში 1,4 მილიონ ტონას აღემატება, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალების წარმოებისთვის საჭირო ძირითადი კომპონენტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელია.
გამოცემის ცნობით, ნევინომისკის ქიმიური ქარხანა დრონებით თავდასხმის სამიზნე ადრეც არაერთხელ გამხდარა. 2025 წლის ბოლოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა საწარმოს ერთ-ერთ საწარმოო საამქროს დაარტყეს.