საზოგადოება
    2026-11-27 | 11:27

    საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა - ტერესა მორეირა

    საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა - ტერესა მორეირა

    საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, განსაკუთრებით 2019-2020 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ - ამის შესახებ კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

    მისი შეფასებით, 2022 წლიდან კონკურენციის პოლიტიკასთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების დამატებამ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფრო აქტიური მოქმედების შესაძლებლობა მისცა.

    „სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევების, სხვადასხვა სექტორში განხორციელებული შერწყმების შეფასებისა და მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა მიუთითებს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობა შედეგიანია. ამასთან, მომხმარებელთა მიმართვიანობის ზრდა ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების კუთხით გაწეული საქმიანობის ეფექტიანობაზეც მეტყველებს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ ქსელებში აქტიურ მონაწილეობას აქვს. საქართველომ უკვე დანერგა არაერთი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა. მათ შორის, მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სურსათის ბაზრების შესწავლა, ასევე საერთაშორისო კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა"- განაცხადა ტერესა მორეირამ.

    საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის ღიაა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესებულია.

    ცნობისთვის, ტერესა მორეირა საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.