მოზაიკა
თბილისში 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიხსნება. გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი "პეპლების იძულებითი მიგრაცია".
ფესტივალის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სულ წარმოდგენილი იქნება 116 მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, საიდანაც 32 ქართულია. ჩვენებებს კინოთეატრი "ამირანი" უმასპინძლებს, 7 ფილმს კი მაყურებელი კინოთეატრ "კავეაში" იხილავს. საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
"გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები", -- აღნიშნა გაგა ჩხეიძემ. სექციაში - "რეჟისორი ფოკუსში" - პორტუგალიელი რეჟისორი პედრუ კოშტა იქნება წარმოდგენილი, რომელსაც საპატიო "პრომეთე" გადაეცემა. ქართველთაგან კი ამავე პრიზს ნანა ჯორჯაძე მიიღებს. 24-ე კინოფესტივალს კინემატოგრაფები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწვევიან. სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, სექციაში -- "ქვეყანა ფოკუსში" -სომხეთი იქნება წარმოდგენილი. უჩვენებენ საბჭოთა პერიოდში გადაღებულ და თანამედროვე სომხურ ფილმებს.
კინოფესტივალი საზეიმოდ 2 დეკემბერს დაიხურება. ამავე დღეს დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება.
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე", გენერალური სპონსორები კი - "თიბისი კონცეპტი" და "მასტერქარდი".