Medianews
    GEOENG
    Politics
    2026-03-24 | 17:20

    დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი, როგორც პირველი ლედი, მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას - თამარ ბაგრატიონი

    დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი, როგორც პირველი ლედი, მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას - თამარ ბაგრატიონი

    დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას. უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა განაცხადა ვაშინგტონში, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

    თამარ ბაგრატიონის თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გონივრულ გადაწყვეტილებებს, ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან.

    „ძვირფასო პირველო ლედებო, პატივცემულო სტუმრებო, პირველ რიგში, მსურს, გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის, ქალბატონი მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ. მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინად მართავდა თამარ მეფე – პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა.

    დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა – ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას. ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან. ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება – გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ შეგვიძლია, არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს, ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციის თავისუფლება, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ. საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ყოვლისმომცველი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი ეროვნული მიდგომა „შუა გზის“ პრინციპს ეფუძნება. ეს არის ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ინოვაციების დაბალანსებას ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა უსაფრთხოების დაცვასთან“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა.

    საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება.

    თამარ ბაგრატიონთან ერთად, აშშ-ში იმყოფებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.