Society
    2026-04-11 | 08:42

    მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის 3 პირობა

    მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის 3 პირობა

    ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.

    IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.

    მაცხოვრის საფლავი

    მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო – კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.

    მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის – სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით – 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა“.

    ცეცხლის გარდამოსვლის სამი პირობა

    ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის საჭიროა 3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება):

    ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. სწორედ ასე – ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით – ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.

    ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს.

    მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა. საბაწმიდელ ბერებს ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში საიდუმლოდ აღანთებს „გონიერ“ ღვთაებრივ ცეცხლს.

    დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი – მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

    ერთხელ სომეხ მონოფიზიტებს პირველობის პრეტენზია გაუჩნდათ. მათ მოისყიდეს თურქი ჯარისკაცები, კუვუკლიაში ადრე შევიდნენ, კარი გადარაზეს და მართლმადიდებელი პატრიარქი შიგნით არ შეუშვეს. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო დახშული კარის წინ. და იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშანს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა, მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატარიარქის სანთლები აანთო.

    მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას, სვეტი კი მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად დღესაც გაბზარული დგას.

    აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა კონფესიის (სომხების, კათოლიკების, კოპტების) კანდელები დგას.

    მოამზადა ალექსანდრე კაპანაძემ

    ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

    (შემოკლებული ვერსია)