Society
    2026-04-16 | 11:19

    ტელეკომპანია „პირველი“ განცხადებას ავრცელებს

    ტელეკომპანია „პირველი“ განცხადებას ავრცელებს

    ტელეკომპანია „პირველი“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ პირველის“ შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

    საუბარია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს „ტვ პირველს", „ქართული ოცნების" მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იგორ ბლაჟევიჩმა დაავალა.

    „ტვ პირველი“ აღნიშნავს, რომ „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „არის ტყუილი, დეზინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ეფუძნება არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს“.

    „განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული მასალის მომზადების პროცესში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, არ დაუკავშირდა ტელეკომპანია „პირველს“ საპასუხო კომენტარის მისაღებად, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.

    ტელეკომპანია „პირველი“ მოითხოვს:

    • დაუყოვნებლივ შეწყდეს დეზინფორმაციის გავრცელება;

    • მკაფიოდ და სრულად გაშუქდეს ჩვენი არხის ოფიციალური პოზიცია ტელეიმედის საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც გადაიცა ყალბი ინფორმაცია.

    მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება. ვაცხადებთ, რომ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მცდელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

    გუშინ, 15 აპრილს „ტვ პირველმა“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება - კერძოდ, „ტვ პირველის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლებს, ხოლო თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ.

    დღეს, 16 აპრილს სამთავრობო პროპაგანდისტულმა „ტვ იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს“ და „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ბლაჟევიჩმა „ტვ პირველს“ დაავალა გაეხმაურებინა მოგონილი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ძალოვანი მინისტრები იცვლებოდნენ“.