ირაკლი კირცხალია ოპოზიციურ ალიანსზე: უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებთ, ამიტომაც ხართ უმორალო და უსამშობლო აგენტები
პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი ალიანსი „უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებს“ და „საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ნაცვლად, გარე ძალების მითითებებით მოქმედებს“.
აღნიშნული განცხადება კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ოპოზიციური ძალების გაერთიანებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრის ამოსავალი წერტილი „საქართველოს მოსახლეობის ნება არ არის“ და მათი მოქმედება „უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას“ ემსახურება.
„დღეს 31 მარტია. 35 წლის წინ სრულიად საქართველომ ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის სუვერენულ მომავალს. სწორედ ამ დღეს მინდა გამოვეხმაურო საქართველოს სუვერენიტეტის გაცხადებული მტრების „ნაცაგენტურის“ მორიგ გაერთიანებას და მათი მხრიდან ახალი უცხოელი პატრონების ძებნის მცდელობას“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია „გარე პატრონებისგან მიღებულ დავალებებს ასრულებენ“.
„მართალია, ამ ძალებს ისინი პარტნიორებად მოიხსენიებენ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არა მათი პარტნიორები, არამედ პატრონები არიან. პატრონები საქართველოს და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ გასცემენ დავალებებს, რასაც მათი მორჩილი ადგილობრივი რადიკალები უსიტყვოდ ასრულებენ“, – თქვა მან.
კირცხალიას შეფასებით, ოპოზიციური გაერთიანება რეალურად „ახალი პოლიტიკური ალიანსი კი არა, იგივე ძველი „ნაციონალური მოძრაობაა“.
„როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენი ვითომ პოლიტიკური ალიანსის ბრენდირებისთვის, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და სისხლიან რეჟიმს წარმოადგენთ, რომელმაც ჩვენს ხალხსა და სამშობლოს არაერთი უბედურება დაატეხა თავს“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, ოპოზიციურ ძალებს „არ გააჩნიათ ეროვნული ინტერესი“ და „არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ემსახურებოდნენ საქართველოს“.
„მაშინაც და დღესაც თქვენთვის ამოსავალი წერტილი არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ თქვენი უცხოელი პატრონების ბრძანებების შესრულებაა“, – აღნიშნა კირცხალიამ.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია „ქართველი ხალხის ლეგიტიმაციას არაფრად აგდებს“ და „პოლიტიკური ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა“.
„საქართველოს წინააღმდეგ დასახული ყოველი ჩავარდნილი გეგმის შემდეგ, ახალ-ახალ უცხოელ პატრონებს ეძებთ, თუმცა ვერ იაზრებთ, რომ ამ ქვეყანაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.