საზოგადოება
    2026-04-07 | 07:52

    დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ხელისუფლებას, საპატრიარქოსა და სახალხო დამცველს დახმარებისკენ მოუწოდებენ

    დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ხელისუფლებას, საპატრიარქოსა და სახალხო დამცველს დახმარებისკენ მოუწოდებენ

    დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ხელისუფლებას, საქართველოს საპატრიარქოს, სახალხო დამცველსა და საზოგადოებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების გარეშე ბავშვების სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ დგას.

    მშობლების განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების პროგრესულ განლევას და საბოლოოდ სიკვდილს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული და სათანადო მკურნალობის არარსებობის გამო ყოველწლიურად 1-დან 3-მდე ბავშვი იღუპება.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე სამ თვეზე მეტია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ აუცილებელი მედიკამენტების შემოტანა და პერიოდული კვლევების დაფინანსებაა.

    მშობლები აცხადებენ, რომ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ვერ ახერხებენ და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი მათთან კომუნიკაციას თავს არიდებს.

    პროტესტის ნიშნად, მშობლების თქმით, მათ სახელმწიფო კანცელარიის წინ კარვების გაშლა და 24-საათიანი აქციის გამართვა გადაწყვიტეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კარვების განთავსებისა და უწყვეტი პროტესტის უფლება არ აქვთ.

    „თურმე სასიკვდილოდ დაავადებული ქართველი ბავშვების მშობლებმა ჩვენი პროტესტით ქუჩაში მოსეირნე ხალხი, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები მომეტებულად არ უნდა შევაწუხოთ“, – აცხადებენ მშობლები.

    მათი შეფასებით, აქციებზე კარვების გაშლა საქართველოში არასდროს ყოფილა აკრძალული და ამ თვალსაზრისით მოქმედი ხელისუფლების პოზიცია გაუგებარია.

    მიმართვაში მშობლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ნუ ეთამაშებიან ბავშვების სიცოცხლეს“ და აცხადებენ, რომ უმოქმედობის ყოველი დღე ბავშვების მდგომარეობის დამძიმებასა და სიცოცხლის დაკარგვის რისკს ზრდის.

    ამასთან, ისინი საქართველოს საპატრიარქოს სთხოვენ შუამდგომლობას პრემიერ-მინისტრის წინაშე, რათა მათთან შეხვედრა გაიმართოს, პრობლემები მოისმინოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.

    მშობლები ასევე მიმართავენ სახალხო დამცველს და მოუწოდებენ, დაიცვას როგორც ბავშვების სიცოცხლის უფლება, ასევე მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

    განცხადების ბოლოს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.

    განცხადებას ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ავრცელებს.