სამართალი
    2026-04-30 | 10:47

    საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე ომბუდსმენის სარჩელი დააკმაყოფილა

    საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე ომბუდსმენის სარჩელი დააკმაყოფილა

    29 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავო იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის ნორმებით დადგენილი იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესი და პირობები.

    სახალხო დამცველის შეფასებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან.

    "სახალხო დამცველის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი არსით, წინაპირობებითა და მიზნებით არ განსხვავდება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით იგი მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებებს. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დროს, პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, მკურნალობის მიზანშეწონილობის გონივრული ინტერვალებით შეფასების ქმედითი მექანიზმით და ამ მექანიზმზე სათანადო სასამართლო კონტროლის შესაძლებლობით.

    პრობლემას წარმოადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივი ვადები და შესაბამისი პროცედურული გარანტიების არარსებობა, რა დროსაც პირი, შესაძლებელია, იძულებით მკურნალობას დაექვემდებაროს მაშინაც კი, როდესაც აღარ არსებობს აღნიშნულის საჭიროება. სახალხო დამცველის შეფასებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.

    განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი სამართლებრივი მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან საკანონმდებლო გარანტიებს, რაც გამორიცხავს ფსიქიატრიული მკურნალობის გაუმართლებელ გახანგრძლივებას, იქმნება პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის რეალური რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით," - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

    საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://tinyurl.com/5yr6fddx .