სამართალი
    2026-07-21 | 12:44

    თელავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

    თელავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

    თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

    გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

    საქმეზე გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო.

    როგორც გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ განაცხადა სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოხატა, გირაოს თანხა გადაიხადოს.

    „მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომ პატიმრობა არ ყოფილიყო გამოყენებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარიდან ჩართული იყვნენ ამ საქმეში და 24 საათის განმავლობაში აშუქებდნენ საქმეზე მიმდინარე მოვლენებს. მადლობა მინდა გადავუხადო ბრალდების მხარესაც, რადგან გაიზიარა საზოგადოების აზრი და თავიდანვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე. მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაპანაძემ.

    საქმის პროკურორმა, ბექა ნათელაურმა განაცხადა, რომ გამოძიებისას თუ გამოიკვეთება რუსი ტურისტების მხრიდან რაიმე სახის ქმედების ჩადენა, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

    „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი პირების გამოკითხვა. გამოთხოვილია და საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის აღნიშნული ქალბატონების მიმართ თუ გამოიკვეთება რაიმე სახის ქმედების ჩადენა, იქნება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კატეგორიის, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა ნათელაურმა.

    ცნობისთვის, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

    უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.

    მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.

    მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

    აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.