ძალადობა ემპირიული ცვლადია, რომელსაც ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს - იაგო კაჭკაჭიშვილი
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“არ მინდოდა ამაზე დაწერა, მაგრამ მაინც, ზოგიერთს (მათ შორის, კარგ ადამიანს) მინდა ვუპასუხო კახეთის სასტუმრო „აგარანის“ ინციდენტთან დაკავშირებით.
ის მაინც თქვით, რომ ფიზკური ძალადობის ასეთი ხარისხი მიუღებელი და არაპროპორციული იყო! ამას გავიგებ და დაგეთანხმებით კიდეც (თავად გიორგი ჭიღლაძეც დაეთანხმა ამას). იმის მტკიცება, რომ ფიზიკური ძალადობა ნებისმიერ (!) შემთხვევაში მიუღებელი და ბარბაროსულია, უარეს შემთხვევაში დემაგოგიაა, ხოლო უკეთეს შემთხვევაში - ფილოსოფოსობა, რომელსაც კონტექსტი და ცდასთან მიმართება საერთოდ არ აინტერესებს.
სოციოლოგის პოზიციიდან ვიტყვი, რომ ძალადობა ემპირიული ცვლადია, რომელსაც ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ამ ფაქტორებიდან ზოგი ჩადენილ ძალადობას ამსუბუქებს, ზოგი ლეგიტიმურს ხდის (მაგალითად, ბრძოლის ველზე მტერი უნდა მოკლა), ხოლო ზოგი - დევიაციად ან დანაშაულად აქცევს. მოკლედ, ცდას/კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
კახეთის ინციდენტში ძალადობის მაპროვოცირებელი არაერთი ფაქტორი ვნახეთ (მათ შორის, თავად რუსულენოვანი სტუმრების მიერ გავრცელებული ვიდეოთი) - ცინიზმი, აგრესია, ქორწილის ჩაშლის მცდელობა... და კი, აქ დამატებით მადეტერმინირებელ ცვლადად ის შემოდის, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც მისი თავგასული მოქალაქეები „ცოცხლად“ განასახიერებენ.
ამდენად, დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს „მოძალადე“ ან „ბარბაროსი“ ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები როგორ შევასუსტოთ! ამას, პოლიტიკის ენაზე, მიგრაციის რაციონალური პოლიტიკა ჰქვია”.