ფუი რა მართლა! თავი როგორ დაგაჭერინოთ ამ სიბერეში ასეთი სისულელის გამო, თორემ კი ვიცი რა სიტყვებიც მოგიხდებოდათ - დავით ზურაბიშვილი
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ადამიანს არ დაუძახოთ ის ცუდი სამასოიანი სიტყვაო, რომ იტყვი თუნდაც ირონიულად და ამის გამო ორი კვირით პატიმრობას მოგისჯიან, მსგავსი რამ მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში თუ მოხდება ალბათ ან სადმე ამაზონის ჯუნგლებში, ცივილიზაციისგან შორს მდგარ ტომებში.
აი, ამისთანა სამარცხვინო იდიოტობას ჯობია პირდაპირ აკრძალოთ ხელისუფლებაზე აუგის თქმა ნებისმიერი ფორმით და ეგრევე ორიდან ხუთ წლამდე ციხე იყოს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად უცენზურო სიტყვებითაა ხელისუფლება ნახსენები.
თუმცა, ვეჭვობ, ესეც არ იქნება საკმარისი სრული სიმშვიდისთვის. ამიტომ ასევე დადგინდეს წესი, რომ ხელისუფლების ხსენების დროს ყველა წინადადება უნდა იწყებოდეს ასე: "ვადასტურებ რა ღრმა პატივისცემას ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ-მინისტრის მიმართ", და მთავრდებოდეს შეძახილით: "დიდი მადლობა ბატონ ბიძინას!" შუაში კი რაც გინდა თქვი, ოღონდ ზრდილობიანად და მოწიწებით. ჰო, და კიდევ პრემიერის სახელით მოხსენიება არაა საჭირო. რა იცი რა ხდება? ამიტომ მხოლოდ თანამდებობით.
ფუი რა მართლა! თავი როგორ დაგაჭერინოთ ამ სიბერეში ასეთი სისულელის გამო, თორემ კი ვიცი რა სიტყვებიც მოგიხდებოდათ”.