ცუგამ უნდა დამადოს ხელი, ჯეკა მიჭერს - რა შუაში ვარ? ჯოხიანი კაცი თენგიზ შარმანაშვილს უფრო ჰგავდა, ვიდრე მე - ალეკო ელისაშვილი
მოინდომეს ჩემი მეტად გაშავება, რათა ეთქვათ: „ეს არის დაჟინებული ტერორისტი“ - ცუგამ უნდა დამადოს ხელი, ჯეკა მიჭერს - რა შუაში ვარ? ჯოხიანი კაცი თენგიზ შარმანაშვილს უფრო ჰგავდა, ვიდრე მე, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ახალ ბრალთან დაკავშირებით განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის სიტყვას სასამართლო პროცესზე „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
“დაახლოებით ათი დღეა, მე და ჩემმა ადვოკატებმა ვიცით, რომ ახალი ბრალის წარდგენა უნდოდათ ისევ ტერორიზმის მუხლით. წარმოიდგინეთ, ოთხი თვეა, ციხეში ვარ. რომ დამაკავეს, ხომ იცოდნენ, ეს საქმე გაუხსნელი იყო. დაკავებისთანავე კი არ წარმიდგინეს ბრალი, ერთი თვის მერე კი არ წარმიდგინეს ბრალი, სამი თვის მერე კი არა, ახლა. ორ-ბრალდებიანი ტერორისტი ვარ პროკურატურის წყალობით და, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია ახლა ეს ამბავი.
ჯერ კადრები რომ ვნახე, მოვკვდი სიცილით. როგორი ამბავია, წარმოიდგინეთ - ჯეკა უნდა მოიყვანონ, ცუგა და იმან უნდა დამადოს ხელი. არა და ჩემი ტანსაცმელიც აქვთ, ჩემი წინდებიც, ჩემი მაისური, რომ დამაკავეს, მაშინდელიდან მოყოლებული. აყნოსებენ იმას და იმან მერე ჩემს წინააღმდეგ ჩვენება უნდა მისცეს. ამით მიჭერენ, ჯეკა მიჭერს.
გუშინ ორ ვერსიაზე ვფიქრობდი, ორი ვერსია მაქვს, რატომ აკეთებს ამას პროკურატურა - ერთი, რომ დაკავებამდე ძალიან მიყვარდა “ტიკ-ტოკში” იმ ვიდეოების ნახვა, მშობლები რომ ბავშვებს დატოვებენ ხოლმე და სახლებში რომ ბრუნდებიან, მურაბა რომაა კედელზე წასმული, ბავშვები უნიტაზში რომ ჭყაპუნობენ და ყველაფერი რომ არეულია ხოლმე, ეგეთი განცდა მაქვს, რომ იურისპრუდენციის გიგანტმა ფარცხალაძემ რაც დატოვა პროკურატურა, ეტყობა, იქ რაღაც სახლობანას თამაშობენ და აერიათ, მტკიცებულება რა არის, ძაღლი სად უნდა გამოიყენონ და ა.შ. ეს არის ერთი ვერსია.
მეორე ვერსია არის ის, რომ პროკურატურაში არის აჯანყება და სინამდვილეში პროკურატურას ყელში ამოუვიდა ამ რაღაც საშინელი დავალებების მიღება. მსოფლიო ისტორიაში არის ასეთი მაგალითები, რომ საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმს ადამიანები სახელმწიფო სამსახურში დივერსიას უწყობენ. როგორც ჩანს, ამ საქმით, რომელიც ერთ ცუგაზეა აწყობილი, პროკურატურა აჯანყდა და მეხმარება, რადგან ეს საქმე დამეხმარება, რომ აქაც გავმართლდე და მეორე საქმეშიც. საერთო საქმესაც დაეხმარება.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, დრო გავა და ამ ამბავს ასწავლიან, როგორც ოროსნობის მაგალითს. იმიტომ, რომ მე არ მაქვს არანაირი იურიდიული ცოდნა და ვკვდებოდი სიცილით, რა ვნახეთ გუშინ. პირბადიანი, ხელჯოხიანი კაცი მოდის თავისთვის, ჯოხით სიარული დანაშაული ხომ არ არის. მერე აჩვენებენ სადღაც კილომეტრიდან გადაღებულ კადრს, სადაც ჩანს სილუეტი. ქალია, კაცია, ვინ არის ღმერთმა უწყის და მართლა რაღაც დანაშაულებრივი ქმედება ხდება, რაღაცას ისვრის და იქიდან ცეცხლი გამოდის. ან ერთი ეპიზოდი მეორესთან რა შუაშია ან მე რა შუაში ვარ. ის ჯოხიანი კაცი თენგიზ შარმანაშვილს უფრო ჰგავდა, ვიდრე მე.
ახლა პოლიტიკურ კონტექსტს ავხსნი, რა უძღოდა ამას, რას ველოდი და რატომაა ეს სინამდვილეში ძალიან მაგარი ამბავი ჩემთვისაც, რომ ტერორიზმის ორივე ბრალდებაში გავმართლდე და საერთო საქმეს როგორ ემსახურება.
პოლიტიკურ კონტექსტს რომ შევხედოთ, “ქართული ოცნება” აქამდე ძვრებოდა ყველაფრიდან. ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმმა”, იმ სამართლებრივმა სახელმძღვანელო დოკუმენტმა მათ ჩასცხო ურო, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი არ ენდობიან ხელისუფლებას, ამ ხელისუფლებამ აწამა ადამიანები, იქ ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები და იქ არის პირდაპირი კატეგორიული რეკომენდაციები, დიპლომატიური მიაცვ-მააცვი კი არა, პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ხალხს აწამებდა, ვინც დაასახიჩრა ხალხი.
ეს იყო ურო, რომელიც მათ ძალიან მაგრად მოხვდათ. ჩალის ფასიაო, იძახდნენ. ერთადერთი, პაუზა გაჩნდა პატრიარქის გარდაცვალების გამო, ღმერთმა გაანათლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ახლა ეს დღის წესრიგი ისევ დაბრუნდა. გუშინ რომ რუბიომ დარეკა, ეგეც ამ კონტექსტში ჯდება. ნინო წილოსანისა და მათიკაშვილის მოსაკითხად კი არ დაურეკავს იმ ადამიანს. იმ დასკვნამ ამათ უკვე ჩამოხსნა ის ნიღაბი, რომ ესენი არიან ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აწამებს.
ამის შემდეგ გამოდის პაპუაშვილი ყოველ დღე და მართავს ბრიფინგებს, ელისაშვილი და სააკაშვილია პოლიტპატიმარიო? ამ ორ გვარს ატრიალებს. მე მაშინვე ვიგრძენი, რასაც აპირებდნენ, გვანახეთ სია, გვანახეთ სიაო იმას ნიშნავს, რომ საჯარო განცხადებები არის აისბერგის წვერი, გაცილებით მეტი ხდება კულუარებში და რაც გარეთ გამოდის, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. გაცილებით მნიშვნელოვანი არის დაფარული. იმ წამს მივხვდი, რომ პოლიტიკური პატიმრების სია მათ მაგიდაზე უდევთ, აქვთ როგორც თავისი ვერსია, ასევე უცხოელების ვერსია და აქ, საქართველოში სხვადასხვა ჯგუფისგან შექმნილი ვერსია, ალბათ ჩემი სახელი და გვარიც იქ არის. მათ რომ ჩახედეს ამ სიას, ამოარჩიეს ჩემი სახელი და გვარი და დაიწყეს ამის ტრიალი - ტერორისტიო.
შემდეგ ჩახედეს, მიხვდნენ. აგერ, პროკურორი შემთხვევით კი არ გამომეცვალა ამ საქმეზე. ის გოგოც კაი სისხლისმსმელი კი ჩანდა, მაგრამ ალბათ იმანაც უთხრა, რომ იმ მტკიცებულებებით ტერორიზმის დამტკიცება აბსურდიაო, ამიტომ მოინდომეს ჩემი კიდევ უფრო მეტად გაშავება, რომ ჩემი სახელი და გვარი კიდევ უფრო დაემძიმებინათ ახალი დანაშაულით, გაიხედეს, გამოიხედეს, გაახსენდათ ერთი წლის წინანდელი ამბავი, რომელიც ვერ გახსნეს, რომელსაც თან ტერორიზმის მუხლითაც არ იძიებდნენ, თაროზე იყო შემოდებული და ჩემთვის “შეტენვა” მოინდომეს იმიტომ, რომ უცხოელებისთვისაც და ქართველებისთვისაც ეთქვათ, ეს ერთჯერადი ტერორისტი კი არ არის, ეს არის დაჟინებული ტერორისტი. ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ გააფუჭონ და დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური პატიმრებისა და სინდისის პატიმრების აუცილებელი და გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი. მე ამას ვხედავ, მე არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევით და არც ბატონი პაპუაშვილის წკმუტუნი ჩემს გვართან დაკავშირებით იმიტომ, რომ მათ მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ადამიანების გამოშვება.
მე ვიგრძენი ეს ყველაფერი, ვიგრძენი პასუხისმგებლობა და ვამბობ - სულაც არ მიხარია ციხეში ყოფნა, ვის უნდა უხაროდეს, მაგრამ ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს სიყვარულისთვის ვზივარ ციხეში და იმისთვის, რომ თავი არ დავუხარე უსამართლობას. შესაბამისად, მე ვიწევი ამ ყველაფრისგან და ჩემი პრინციპული და კატეგორიული პოზიციაა, რომ არცერთ სიაში არ უნდა იყოს ნახსენები ჩემი სახელი და გვარი.
რა თქმა უნდა, ჩემს წინააღმდეგ ყველაფერი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. რისთვის ვზივარ ციხეში, ოქროს ზოდები მიპოვეს? გადახვეული დოლარები იპოვეს თუ “კარტიეს” საათები? ჯარი გავძარცვე? არა, მე საქართველო მიყვარს და რომ ვუყურებდი, ხალხს როგორ ჩაგრავდნენ, მათ შორის, ამ შენობაში, ამ დარბაზებში და გულმა რომ არ გამიძლო, ამიტომ ვზივარ, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი. წამოდით და ნახეთ ჩემს საკანში რეებია - მერაბ კოსტავას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გენერალ კვინიტაძისა და გიორგი ანწუხელიძის ფოტოები მიკიდია. ეგენი არიან, ვის გამოც ვცხოვრობ.
ვგრძნობ, რომ ძალიან მალე გაიღება ციხის კარი და გამოვლენ. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, როცა დავინახავ. ჩემს გვერდითაა ქალთა ციხე. აღფრთოვანებული ვარ, საქართველოს ისტორიას ძალიან მაგარ თავს წერენ მზია ამაღლობელი და დანარჩენი პატიმრები. ელენე ხოშტარიაც, მიუხედავად იმისა, არასდროს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ძალიან მაგარი გოგო არის, ვაჟკაცი გოგოა. ის ზინოვკინაც ძალიან მაგარია, თამარ ლორთქიფანიძეც. მათ გამოშვებას ძალიან მალე ვნახავ, ძალიან მალე იქნება ეს პროცესი, მაგრამ მე ამ პროცესისგან ვიწევი.
პოლიტიკური ცვლილებების ქარმა დაუბერა და ყველაზე მაგარი ამბავი ეს არის. ყველას მადლობა, ვინც ამ ცვლილებებს ქმნის”, - განაცხადა ელისაშვილმა.