სოცმედია
    2026-07-23 | 18:23

    ამას ეძახით მშვიდობას? ეს მშვიდობა კი არა, შიშია; ეს სიმშვიდე კი არა, გაჩუმებული საზოგადოების ილუზიაა - ელისო ჯანაშია

    ამას ეძახით მშვიდობას? ეს მშვიდობა კი არა, შიშია; ეს სიმშვიდე კი არა, გაჩუმებული საზოგადოების ილუზიაა - ელისო ჯანაშია

    ჟურნალისტი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს:

    „რამდენი გულგახეთქილი მშობელი რეკავდა წუხელ საკუთარ მოზარდ შვილთან და შვებით ამოისუნთქა, როცა უპასუხა.

    ერთ დედას კი ეს ბედნიერება აღარ ერგო.

    ექიმებმა ვეღარ უთხრეს, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ იყო. ის იარაღიანმა გარეწარმა მოკლა.

    დღეს ასეთივე გარეწრები ყასიდად უსამძიმრებენ ოჯახს. ხვალ კი პროპაგანდისტული ტელევიზიების ეთერში წამოიჭიმებიან და ჩვეული ცინიზმით იტყვიან: „ამერიკასა და ევროპაში უარესიც ხდება“

    იტყვიან. გარდაცვლილი ხომ მათი შვილი არ არის. სხვისი შვილის სიკვდილზე საუბარი მარტივია.

    მაგრამ სიმართლე სხვაა - აქაც სისტემა ყარს.

    ქვეყანაში, სადაც დამნაშავე, თუ ხელისუფლების ერთგულებას აჩვენებს, თავს დაცულად გრძნობს, მსგავსი ტრაგედიები შემთხვევითი აღარ არის.

    დაუსჯელობა და შერჩევითი სამართალი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

    იჭერენ მუსიკოსს, მსახიობს, ჟურნალისტს, უფლებადამცველს, მშვიდობიან პროტესტში მონაწილეს... და ამავე დროს, იარაღის ტარების უფლება აქვს ადამიანს, რომელმაც საზოგადოებისთვის აშკარა საფრთხეა.

    სისტემამ ისევ გაასხა სადღაც.

    ამას ყველა ხედავს, მაგრამ ყველას არ ტკივა, რადგან პროტესტი საყოველთაო არაა.

    რადგან ეს ჯერ მათი შვილი არ არის.

    მათ შვილს არ ესროლეს.

    მათი შვილი არ უცემიათ.

    მათი შვილი უსამართლობის გაპროტესტებისთვის ციხეში არ ზის...

    სწორედ ამიტომ დუმან...

    ადამიანობა სწორედ აქ იზომება. არა მაშინ, როცა უბედურება შენს ოჯახს შეეხება, არამედ მაშინ, როცა უსამართლოდ ჩაგრულის ტკივილს საკუთარ ტკივილად აღიქვამ.

    რამდენი ადამიანი აპროტესტებს უსამართლობას, იმდენი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში.

    დანარჩენი მხოლოდ ბრბოა - ჯოგი, რომელიც საკუთარ დუმილსა და უმოქმედობას ხელისუფლების მხარდაჭერით ამართლებს. რომელიც ამ ყველაფერს „მშვიდობას“ ეძახის.

    მაგრამ ეს როგორი მშვიდობაა?

    რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა ამ ილუზორული მშვიდობის პირობებში?

    რამდენი სიცოცხლე შეიწირა დაუსჯელობამ?

    რამდენი უსამართლობა მოხდა ისე, რომ ვიღაცამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა ან პირიქით, მჩაგვრელი გაამართლა?

    და მაინც, ამ ყველაფრის შემდეგაც, ზოგი ხელისუფლებას ერთგულებას უმტკიცებს და ჰგონია, ამით თავს გადაირჩენს.

    ამდენი ფარისევლობა რომ ნორმად აქციეთ, რამდენი არაადამიანი ცხოვრობთ ამ ქვეყანაში?

    ან ამდენ ფარისეველს ეკლესიაში რა გინდათ? რატომ დადიხართ?

    მართლა გესმით, რას ნიშნავს ქრისტეს გზა თუ ქრისტეც მხოლოდ რიტუალია თქვენთვის, ხოლო ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა არაფერი?

    ქრისტე ძალაუფლების მხარეს არასოდეს ყოფილა. ის ყოველთვის ჩაგრულის, უსამართლოდ დევნილის, დამცირებულისა და ტკივილში მყოფის გვერდით იდგა.

    ამას ეძახით მშვიდობას?

    ეს მშვიდობა კი არა, შიშია.

    ეს სიმშვიდე კი არა, გაჩუმებული საზოგადოების ილუზიაა.

    სანამ უბედურება საკუთარ კარზე არ დააკაკუნებს, ჰგონიათ, რომ მათ არ ეხებათ.

    მაგრამ უსამართლობა არასოდეს ჩერდება ერთ ოჯახთან. თუ დღეს სხვის შვილს კლავს, ხვალ შეიძლება შენსასაც მისწვდეს. სწორედ ამიტომ არის სოლიდარობა არა არჩევანი, არამედ საკუთარი მომავლის დაცვა”.