კომენტარი
    2026-07-23 | 11:11

    ვერაზე დაჭრილი ორი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - „ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი

    ვერაზე დაჭრილი ორი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - „ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი

    კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორის, შმაგი ჭიოკაძის ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    „22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ჩვენთან შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისები. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა – ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის, მეორეს – მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

    ჯერჯერობით დარჩებიან კლინიკაში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ჭრილობაა, ცეცხლსასროლით თუ არაცეცხლსასროლით, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს. შესაბამისად, დაველოდოთ. კონტაქტურები არიან, კარგად არიან. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პერიოდს, ვნახოთ, რამდენი ხანიც დასჭირდებათ“, – განაცხადა კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

    შეგახსენებთ, პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

    შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

    მსგავსი სტატიები