კომენტარი
    2026-07-23 | 13:44

    ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება… ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ ქართული საზოგადოება არავის გაუტარებს - ირაკლი ზარქუა

    ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება… ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ ქართული საზოგადოება არავის გაუტარებს - ირაკლი ზარქუა

    ყველას მოვუწოდებ, პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს. ეს არის სწორი მიდგომა. საქართველოში ასეთ შეურაცხყოფას არ გაპატიებენ. ბუნებრივია, ეს არ არის სწორი ფორმა, –  ამბობს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება.

    „მოვუწოდებ ყველას, რომ არ შეიძლება, იმ ადამიანების უდიერად მოხსენიება, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, იქნებიან ეს მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები თუ სხვა. არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღვა-გინება. ამის შემდეგ ასეთი რაღაც რომ მოხდება, ბუნებრივია, არავინაა ამისგან დაზღვეული. ყველას მოვუწოდებ, პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს. ეს არის სწორი მიდგომა. საქართველოში ასეთ შეურაცხყოფას არ გაპატიებენ. ბუნებრივია, ეს არ არის სწორი ფორმა. ძალადობა მიუღებელია. ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება. ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე და არ აგინო, არ ლანძღო, შემდეგ პოლიცია ყველგან ვერ დაგიცავს, რადგან საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. ცუდია, ვგმობ, არ არის სწორი ცემა-ტყეპა, მაგრამ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო. შეგიძლია, კრიტიკა გამოხატო აკადემიურად, მაგრამ არ შეაგინო, არ გალანძღო. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს თავსაა. ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ ქართული საზოგადოება არავის გაუტარებს. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. იხუმრეთ, ბევრი თემაა სახუმარო, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

    ინფორმაციისთვის, ონისე ოქრიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ. მას სადარბაზოსთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ცოლის ინფორმაციით, "მას დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, დაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ". ასევე, თვითმხილველის მიერ გუშინ გადაღებულ კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში ოცნების პროპაგანდისტული მედია ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტაციას ეწეოდა.

    ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

    მსგავსი სტატიები